თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთო ჯამში თბილისის ინფექციურში კოვიდ19-სგან 45 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი უკვე – 68.
„ერთ პაციენტთან დღეს განმეორებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ერთი პაციენტი გაჯანმრთელებული დაგვემატა. ჩვენთან არის უკვე გამოჯანმრთელების 45-ე შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით იქნება 68 გაჯანმრთელებული“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ისევ 266-ს შეადგენს.
„ჯერჯერობით, დილის შემდეგ დადასტურებული შემთხვევები არ დამატებულა და კვლავ 266-ია. გუშინ დღეს დილამდე 14 ახალი შემთხვევა იყო, შესაძლებელია, პაციენტები ნაწილდებიან ახლა სხვადასხვა კლინიკებში დადასტურებული შემთხვევებით, მაგრამ ამ 14-ის შემდეგ დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერობით არ გვაქვს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, დღის განმავლობაში ვითარება არც ამ შემთხვევაში შეცვლილა და მდგომარეობა სტაბილურია.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსზე ტესტი კიდევ 11 პაციენტს ჩაუტარდება.