თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

19:40, 13.04.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო ჯამში თბილისის ინფექციურში კოვიდ19-სგან 45 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი უკვე – 68.

„ერთ პაციენტთან დღეს განმეორებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ერთი პაციენტი გაჯანმრთელებული დაგვემატა. ჩვენთან არის უკვე გამოჯანმრთელების 45-ე შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით იქნება 68 გაჯანმრთელებული“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან,  ეზუგბაია ამბობს, რომ დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ისევ 266-ს შეადგენს.

„ჯერჯერობით, დილის შემდეგ დადასტურებული შემთხვევები არ დამატებულა და კვლავ 266-ია. გუშინ დღეს დილამდე 14 ახალი შემთხვევა იყო, შესაძლებელია, პაციენტები ნაწილდებიან ახლა სხვადასხვა კლინიკებში დადასტურებული შემთხვევებით, მაგრამ ამ 14-ის შემდეგ დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერობით არ გვაქვს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, დღის განმავლობაში ვითარება არც ამ შემთხვევაში შეცვლილა და მდგომარეობა სტაბილურია.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსზე ტესტი კიდევ 11 პაციენტს ჩაუტარდება.

მსგავსი