ინფექციურ კლინიკაში მძიმე პნევმონიით რვა კოვიდინფიცირებული მკურნალობს, დასტაბილურდა ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა
ინფექციურ კლინიკაში მძიმე პნევმონიით რვა კოვიდინფიცირებული მკურნალობს, დასტაბილურდა ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა

თბილისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ აღნიშნული დაწესებულების სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ დადასტურებული ექვსი შემთხვევიდან სამ პაციენტს მძიმე ფორმებით პნევმონია აქვს, თუმცა მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე მართვადია.

„გუშინ ჩვენს ცენტრს საღამოდან დილამდე პაციენტი არ შემატებია. გვყავს ისევ 45 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა გუშინდელ ექვს დადასტურებულ შემთხვევაში გითხარით, რომ გაფართოებული კვლევებისა და შეფასების შემდეგ, აღნიშნული ექვსი შემთხვევიდან, სამი არის საკმაოდ მძიმე პნევმონიით. ჯერ მართვადია მათი მდგომარეობა. ვნახოთ, არსებულ მკურნალობაზე პროგრესირებას თუ აღარ განიცდის დაავადება, მაშინ დასტაბილურდება და გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, დასტაბილურდა ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მანამდე კრიტიკულთან მიახლოებულად მიიჩნეოდა.

„უკვე დასტაბილურდა კრიტიკულთან მიახლოებული ორი პაციენტი. მძიმე გვყავდა ხუთი პნევმონიით, ერთი სუნთქვის უკმარისობით და დანარჩენი სუნთქვის უკმარისობის გარეშე. დაგვემატა კიდევ სამი პაციენტი, შესაბამისად, მძიმე პნევმონიით ახლა გვყავს რვა პაციენტი და კრიტიკულთან მიახლოებული რაც არის, უკვე დასტაბილურებული ორი პაციენტი გვყავს ჯერჯერობით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.