თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, იზრდება ვაქცინაციის კამპანიის მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, შვედეთთან, შვეიცარიასთან და გაერო-ს მდგრადი განვითარების ფონდთან პარტნიორობით, აქტიურად ეხმარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რათა ვაქცინაციის პროცესი დააჩქაროს და 2021 წლის ბოლომდე, ზრდასრული მოსახლეობის აცრის 60-პროცენტიან ნიშნულს მიაღწიოს.

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და შვედეთის ელჩი ულრიკ თიდესტრომი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თბილისის კრიზისულ ცენტრს ეწვივნენ. მათ ამომწურავი პასუხი გასცეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ვაქცინაციის მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

შეხვედრას მობილური სამედიცინო ბრიგადა ესწრებოდა, შეხვედრის მონაწილე ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ და აცრილიყვნენ. შეხვედრის შემდეგ 20-მდე პირი აიცრა.

„ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა უხილავ მტერთან. ვაქცინაცია ჩვენი მთავარი იარაღია, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს. კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99 პროცენტი აუცრელი იყო. ვაქცინებზე წვდომის გასაზრდელად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მარათონი დავიწყეთ, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

როგორც საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა აღნიშნა, საერთო პასუხისმგებლობაა, ყველაფერი ვიღონოთ, რათა ვაქცინირებულთა რიცხვი გაიზარდოს.

„საქართველოში პანდემიას უკვე 9 500-ზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი გაიზარდოს და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქროს“, – აღნიშნა ულრიკ თიდესტრომმა.

თავის მხრივ, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვეულ ცხოვრებას დაგვიბრუნებს.

„ეს ერთადერთი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველომ კრიზისის დაძლევის საფეხური გაიაროს და კრიზისის შემდგომ აღდგენაზე გადავიდეს. გაერო-ს განვითარების პროგრამა მზადაა გააგრძელოს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გაქარწყლებისა და ვაქცინაციისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის საქმეში“, – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.

საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების გაერთიანებული მცდელობის მიუხედავად, დღეისთვის ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32 პროცენტია სრულად აცრილი, ხოლო ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის

მაჩვენებლები კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ვაქცინაციის დაჩქარებისთვის, UNDP-მ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წამოიწყეს საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთნენ, მათ შორის დანია, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, შვედეთი, შვეიცარია და გაერო-ს მდგრადი განვითარების ფონდი.

კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ სექტემბერში დაიწყო, თუმცა, ამ მოკლე დროის მანძილზე, საზოგადოების საკმაოდ ფართო ფენა მოიცვა – სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ახალგაზრდობა, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები.

„ძალადობა გამოვლილი და მოწყვლადი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაციის შესახებ, სანდო ინფორმაციის მიღება, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. აღნიშნული პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინები და ზუსტად უნდა იცოდნენ, თუ როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან“, – აღნიშნა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსმა – ინდირა რობაქიძემ.

საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ წლევანდელი გაერო-ს დღის, 24 ოქტომბრის, სულისკვეთებას ეხმიანება.

ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.