თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიები განიხილავენ
თბილისის საკრებულოს კომისიებმა დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს.
დეპუტატებმა პროექტი უკვე განიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე და სახელდებისა და სიმბოლიკის გაერთიანებული კომისიების სხდომაზე.
ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით არის გაზრდილი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, ძირითადი პრიორიტეტი კი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იქნება.
მისი განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი ყველა კომისიაზე განიხილება და დასკვნა საფინანსო კომისიის თავმჯდომარეს გადაეცემა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს. საკრებულოს თავმჯდომარე კი, 25 ნოემბრამდე ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით მერიას გადაუგზავნის, რომელმაც კორექტირებული ვარიანტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.
„კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ვიმსჯელეთ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე. ბიუჯეტი 2018 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პარამეტრებთან შედარებით 10 მლნ-ით არის გაზრდილი. თუ 2018 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი იყო 861 მლნ, ახლა არის 871 მლნ. ასევე, ველოდებით სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას, რომლის შემდეგაც გადაწყდება ტრანსფერების ოდენობა, რომელიც დაემატება თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და შეიძლება ითქვას, მინიმუმ 10-15 მლნ-ით გაიზრდება წინა წელთან შედარებით“ – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, პრიორიტეტია ასევე სოციალური პროექტები, ჯანდაცვა, დაფინანსება გაზრდილია გარემოს დაცვის მიმართულებითაც.