„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოება
24 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართება „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
სამ საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტს გადაეცემა ფულადი ჯილდო. ასევე, გამოვლინდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ბანკისა და English Books-ის რჩეულები.
დაჯილდოების ცერემონიალზე გაიმართება კონკურსის ფინალისტების მოთხრობების კრებულ, „ეკრანის“ პრეზენტაცია. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ოქტომბერში, წინასწარ გამოცხადებული შესარჩევი ეტაპის 15 ფინალისტი სტუდენტი, ხუთ ტუტორთან ერთად, კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში გაემგზავრა, სადაც მწერლებმა არჩილ ქიქოძემ, ნესტან ნენე კვინიკაძემ, ივა ფეზუაშვილმა და დიანა ანფიმიადიმ, ასევე, გამომცემელმა ზვიად კვარაცხელიამ და რედაქტორმა მაია ალუდაურმა მათ მხატვრულ ნაწარმოებზე მუშაობისა და გამოსცემად მომზადებისთვის მოკლე სალექციო კურსი ჩაუტარეს.
კურსის დასრულების შემდეგ კონკურსანტებს ახალი ნაწარმოების შესაქმნელად ორკვირიანი ვადა ჰქონდათ. კონკურსის შესარჩევ ეტაპზე განაცხადებისა და საკონკურსო მოთხრობის გამოგზავნა საქართველოში ავტორიზებული ნებისმიერი უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლებლების მოქმედ სტუდენტებს შეეძლოთ. სულ შემოვიდა 500-ზე მეტი განაცხადი.