„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ინტელექტუალურ-გასართობი თამაში „კითხვა პასუხია“ გაიმართება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ინტელექტუალურ-გასართობი თამაში „კითხვა პასუხია“ გაიმართება

26 ნოემბრიდან, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მასშტაბური ინტელექტუალურ-გასართობი თამაში „კითხვა პასუხია“ დაიწყება, რომელიც ორ კვირას გასტანს.

ნებისმიერი ასაკისა თუ ლიტერატურული გემოვნების მქონეთათვის განკუთვნილი თამაში მოიცავს როგორც ონლაინ, ისე გარე სივრცეში ამოსახსნელ თავსატეხებს, რომლებიც თბილისის მასშტაბით თემატური მინიშნებებით იქნება გაბნეული, მოთამაშეებს კი მათი პოვნა და გაშიფვრა მოუწევთ.

მოთამაშეები დავალებებს სპეციალურად შექმნილ ონლაინპლატფორმა questions.ge-ზე მიიღებენ. აქვე იქნება შესაძლებელი პასუხების დაფიქსირებაც.

გამოცანები „ვეფხისტყაოსნის“ 16-მარცვლიანი ლექსის ფორმითაა შედგენილი, ვიზუალურად კი გრაფიკული ნოველის/კომიქსის სტილისტიკით გადმოცემული. მათ მოთამაშეები ეტაპობრივად, ყოველი დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ მიიღებენ. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ კი, დასრულებული სიუჟეტის მქონე კომიქსი შედგება.

მოკლე სიუჟეტი: თბილისში – წიგნის მსოფლიო დედაქალაქში, მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟები ჩამოდიან. მათ აქ კომიქსის მთავარი გმირი, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ხვდება, რომელიც ნამდვილ და ალტერნატიულ თბილისში დაკარგულ სატრფოს ეძებს. მოთამაშეები მას თავსატეხებით სავსე თავგადასავალში მიჰყვებიან და საყვარელი ადამიანის დაბრუნებაში ეხმარებიან, გზად კი თბილისის სტუმარ პერსონაჟებს ხვდებიან.

თამაში ორი კვირა გაგრძელდება. სამუშაო დღეებში მოთამაშეებს ონლაინ დავალებების შესრულება მოუწევთ, ხოლო შაბათ-კვირას სათამაშოდ, თბილისის ქუჩებში გადაინაცვლებენ.

გამარჯვებული იქნება მოთამაშე, რომელიც ყველა თავსატეხს ნაკლებ დროში ამოხსნის. სამი საუკეთესო დროის მაჩვენებელ მოთამაშეებს ფულადი პრემია გადაეცემათ:

• პირველი ადგილი – 5000 ლარი;
• მეორე ადგილი – 3000 ლარი;
• მესამე ადგილი – 2000 ლარი.

თამაშში გამოყენებული ყველა დავალება უნიკალურია და შექმნილია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისთვის“. თამაშის ავტორია დავით ბაბიაშვილი, მხატვარი – ირაკლი თოიძე.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.

დატოვე კომენტარი