„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია გრძელდება
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021-ის“ ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პირველი ეტაპი გრძელდება.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინფორმაციით, სკოლების მიერ შერჩეული წიგნები თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გროვდება, ყუთებში ნაწილდება და ადრესატებთან გასაგზავნად მზადდება. ახალ წიგნებს სკოლების ბიბლიოთეკები დეკემბრის პირველ რიცხვებში მიიღებენ.
თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია თბილისის მერიის, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.
„პროექტის პირველი ეტაპი ნუმერაციული თანმიმდევრობით მოიცავს თბილისის 62 საჯარო სკოლას. თითოეულ სკოლას 900 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცემა, რომლითაც საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი გამომცემლობისა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციის წიგნებს შეიძენენ.
პროექტის მიზანია თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების უახლესი გამოცემებით შევსება, სკოლის მოსწავლეების თანამედროვე ლიტერატურულ პროცესთან დაახლოება და წიგნიერების ხარისხის გაზრდა“, – აცხადებენ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში.
მათივე ცნობით, ვაუჩერიზაციის პროექტი 2021 წელსაც გაგრძელდება და წლის ბოლომდე თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდება.