„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შსს-სთან კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებენ
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებენ.
პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, მოლაპარაკების მაგიდას უბრუნდებიან. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება უსაფრთხოების გამოწვევებს.
„ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვინც უშუალოდაა პასუხისმგებელი უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფაზე. საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, ჩვენ ვუბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდას და ვისაუბრებთ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონკრეტულ დეტალებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, იყოს გათვალისწინებული ღირსების მარშის ორგანიზებისთვის“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
გიორგი თაბაგარის თქმით, აქცია აუცილებლად საჯარო სივრცეში უნდა ჩატარდეს, რადგან ეს მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.
„ეს არ იქნება დახურული სივრცე, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო თავისუფლებასთან და დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. ამ ქვეყანაში შეიძლება, იყვნენ ჯგუფები, რომლებიც არ ეთანხმებიან ცალკეულ ჯგუფებსა და ადამიანებს, თუმცა როგორღაც უნდა შევძლოთ მშვიდობიანად თანაცხოვრება და არ არის აუცილებელი ძალადობა. აუცილებლად ღია სივრცე უნდა იყოს. კლუბში ისედაც დავდივართ და სტადიონზეც როგორღაც შევალთ. ჩვენ გვჭირდება, რომ სახელმწიფო იდგეს ჩვენს გვერდით, როცა ჩვენ გვინდა, ვისარგებლოთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით“, – განაცხადა „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ლგბტქი აქტივისტთა აქცია უნდა გამართულიყო, პოლიციამ კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეიპრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.
შეგახსენებთ, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. წელს ეს დღე ლგბტქი პირებმა საჯაროდ არ აღნიშნეს და 18-23 ივნისს კვირეულის, „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას გეგმავენ.