თბილისი კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 21-ე საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
17 ნოემბერს გამოფენების ცენტრში „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo-2023 გაიხსნა.
გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ, „ექსპო ჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, ქაზიმ ქართალმა გახსნეს.
„აღნიშნული გამოფენა 21-წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიებაა და წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას მწარმოებლებისთვის საქმიანი კონტაქტების დამყარების და სამიზნე აუდიტორიისთვის საკუთარი პროდუქციის გაცნობისთვის. გამოფენა ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ვიზიტორს და მონაწილეს მასპინძლობს. გამოფენის მუდმივი მხარდამჭერი და პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ისეთი ღონისძიების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე ეხმარება ჩვენს მეწარმეებსა და ფერმერებს, გაზარდონ წარმოება და საექსპორტო შესაძლებლობები“, – აღნიშნა კახა კაკაბაძემ.
მიმდინარე წელს გამოფენაში Agro/Food/Drink/Tech/Expo რვა ქვეყნის (საქართველო, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, ინდოეთი, ჩინეთი, ბელარუსი) 70 კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი, პესტიციდები და სხვა. გამოფენაზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი კვების მრეწველობის პროდუქცია.
გამოფენაზე დასწრება ვიზიტორებს 17-19 ნოემბერს, 11:00-18:00 სთ-მდე შეეძლებათ. Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 მე-11 პავილიონსა და მიმდებარე გარე სივრცეში ტარდება.
გამოფენის პარალელურად, „ექსპოჯორჯია“ სხვადასხვა ღონისძიებას მასპინძლობს. ჩატარდა სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის საერთაშორისო კონფერენცია – „სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის გეგმები და შესაძლებლობები“. ამასთან, 17-18 ნოემბერს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით, იმართება „აგრობაზარი“, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს და შეიძინოს მაღალი ხარისხის ქართული ავთენტური პროდუქცია (რძის ნაწარმი, ლორი, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა, მურაბა, აჯიკა, ჩაი და სხვა).
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.