თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WINEXPO 2023 დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს.

წელს გამოფენაში WINEXPO 2023 შვიდი ქვეყნის (იტალია, გერმანია, უნგრეთი, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო) 200-მდე კომპანია საკუთარ პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს დამთვალიერებელს. გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი საწარმოების, მცირე, საშუალო და საოჯახო მარნების პროდუქციის გარდა, წარმოდგენილი იქნება ღვინის ინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიები, შესაფუთი და დამხმარე მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, სასუქები, აქსესუარები, სერვისები და სხვ. WinExpo 2023 მწარმოებლებთან ერთად მასპინძლობს ექსპორტიორებს, სომელიეებს, სასტუმროების, რესტორნების, სავაჭრო ქსელებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან.

გამოფენის ფარგლებში, გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 40-მდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარანი გამოფენის სტუმრებს გააცნობს საკუთარ პროდუქციას, სხვადასხვა სახის ღვინოს, მათ შორის ქვევრისა და ბიოდინამიურ ღვინოებს.

„წელს მეთხუთმეტედ ვმასპინძლობთ გამოფენას, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს, რაც ძალიან სასიხარულოა. წელს 200-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის მცირე ღვინის მარნები, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით იქნებიან წარმოდგენილი. სახელმწიფო ყველა ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისკენ, მხარს უჭერს და მხარს დაუჭერს მომავალშიც. ჩვენ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე წარმოდგენილები ვართ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და ამით ვეხმარებით ჩვენს მეწარმეებს, რომ მათ შეძლონ მეტი კონტაქტების დამყარება და ღვინის პოპულარიზაცია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია საქართველო როგორც ღვინის სამშობლო და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ და მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ ჩვენი ღვინო არის საუკეთესო მსოფლიოში. ჩვენთვის პრიორიტეტული ბაზრებია: ევროკავშირის, აშშ-ს, ჩინეთის, სამხრეთ კორეაში დავიწყეთ ძალიან აქტიურად მუშაობა. სწორედ ამ ბაზრებზე ვართ წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც ღვინის თემატიკას ეხება და იქ არიან წარმოდგენილი ჩვენი კომპანიები. სწორედ სახელმწიფო უჭერს მხარს და აფინანსებს მათ, რომ წარმოდგენილი ჰქონდეთ ქართული ღვინო. შარშან ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი, დაახლოებით 30%-იანი ზრდა ექსპორტის ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ; პოლონეთში გვქონდა 30%-იანი ზრდა, ბალტიისპირეთში გვქონდა, და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ამ დინამიკას შევინარჩუნებთ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

WinExpo Georgia 2023-ის მხარდამჭერები არიან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 2-4 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე სივრცეში 11:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება.