საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai ნონა გაფრინდაშვილს, ნანა იოსელიანსა და სოფიო გვეტაძეს მასპინძლობს
საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai ნონა გაფრინდაშვილს, ნანა იოსელიანსა და სოფიო გვეტაძეს მასპინძლობს

საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ, საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში დღეს ჭადრაკის დღე აღინიშნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ქართველ დიდოსტატებს მასპინძლობს. მათივე ცნობით, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ჭადრაკის დღე Expo 2020 Dubai-ზე პანელური დისკუსიით გაიხსნა, სადაც ქართველმა დიდოსტატებმა ქალთა როლის გაძლიერებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. პანელური დისკუსიის მოდერატორი expo 2020 dubai-ის ქალთა პავილიონის ხელმძღვანელი იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ექსპოს“ ფარგლებში – ჩვენთან ერთად, დუბაიში იმყოფება საქართველოს სამი დიდოსტატი და რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი აქტივობა, ასეთი ღონისძიება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განვითარების მაღალ ეტაპს, ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე და ბუნებრივია, დადებითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობის მისაღებად დუბაიში ვიზიტით იმყოფება.

ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის. საღამო თეატრალიზებული შოუთი დასრულდება – Expo 2020 Dubai-ის ცენტრალური სცენა AL Wasl საჭადრაკო დაფად გარდაიქმნება და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მორიგი ტრიუმფით წარდგება.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ქალ დიდოსტატთა ღონისძიებას ათასობით სტუმართან ერთად ფიდეს პრეზიდენტი ესწრება.