„თბილისი ენერჯიმ“ ივლისში საცხოვრებელ ბინებში 2702 დარღვევა გამოავლინა, უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული, სახიფათო გაზის დანადგარებია
კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა მიმდინარე წლის ივლისში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2702 დარღვევა აღმოაჩინეს, მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია, – ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.,
„თბილისი ენერჯი“-ის ინფორმაციით, კომპანია აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ახორციელებს საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობის, კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას.
კომპანიის ინფორმაციით, აბონენტთა უმეტესობა, სადაც დარღვევა იქნა აღმოჩენილი, ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი, ჩახსნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს.
„კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი, ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.
კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები. ასევე, მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
ამასთან, კომპანია აქვეყნებს 2019 წლის ივლისის თვეში თბილისში, სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით: ისანი-ვაზისუბანი – 557; სანზონა – 332; ჩუღურეთი – 277; სამგორი – 276; წყნეთი – 257; გლდანი – 197; კრწანისი – 184; საბურთალო – 174; ნაძალადევი – 171; ნუცუბიძე – 93; დიდუბე – 65; დიღომი – 51; ვაკე – 40; მთაწმინდა – 28; სულ 2702.