„თბილისი ენერჯი“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბუნებრივი გაზი გაუიაფდათ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი და კუმისის მოსახლეობა დღეიდან ბუნებრივ გაზს გაიაფებული ტარიფით მიიღებს. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები „თბილისი ენერჯის“ სალიცენზიო არეალში შევიდნენ.
„საქართველოში ბუნებრივი გაზის აბონენტებს ყველაზე დაბალ ტარიფს „თბილისი ენერჯი“ სთავაზობს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გარდაბნის სოფლები „თბილისი ენერჯის“ აბონენტები გახდნენ, ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური შეუმცირდათ. დღემდე მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთის, წალასყურის, ახალწყალის და კუმისის მოსახლეობას სხვა კერძო კომპანია ემსახურებოდა და ბუნებრივი გაზის ტარიფი იყო 48.7460 თეთრი. დღეიდან კი, ისინი „თბილისი ენერჯის“ მომსახურებით სარგებლობენ, ბუნებრივი გაზის ტარიფიც გაუიაფდათ და 46.1374 თეთრი გახდა“, – აცხადებენ კომპანიაში.