„სოკარ ჯორჯია გაზი“ პირველი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივ გაზს აძვირებს
„სოკარ ჯორჯია გაზი“ პირველი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივ გაზს აძვირებს

2021 წლის პირველი დეკემბრიდან, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ტარიფი ერთი ლარი და 15 თეთრი გახდება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კომპანიიდან აცნობეს.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის. ასევე, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი.

„2021 წლის პირველი დეკემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით არის განპირობებული. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, პანდემიის პირობებში, ბუნებრივი გაზის ფასი კომპანიის მიერ უცვლელად იყო შენარჩუნებული, მაგრამ ეს არ ასახავდა საქართველოს საბაზრო ფასის რეალობას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეცვალა კომერციული ტარიფი და საქართველოში არსებულ საბაზრო ფასთან შესაბამისი გაგვეხადა. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის. ასევე უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს მარეგულირებელი კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე“, – აღნიშნავენ „სოკარ ჯორჯია გაზში“.