სემეკ-ი - მოქალაქეებისთვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება
სემეკ-ი - მოქალაქეებისთვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განმარტავს, რომ მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება.

როგორც თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, ასევე რეგიონებში – შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ დ შპს „ინტერ გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სემეკის განმარტებით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „ინტერ გაზის“ მიერ გავრცელებული განცხადება ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს.

„ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკი არ ადგენს ბუნებრივი გაზის მიწოდება/მოხმარების ტარიფებს. კომისია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ადგენს მხოლოდ ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N69 ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დერეგულირებულია და არ ექვემდებარება სემეკის სატარიფო რეგულირებას. შესაბამისად, კომპანიები არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს საბაზრო პრინციპების შესაბამისად განუსაზღვრავენ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურს და ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულნი არიან ერთი თვით ადრე აცნობონ“, – აცხადებენ სემეკ-ში.