„თბილისი ცენტრალის“ დირექტორი - შეზღუდვებზე მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან ყველა საჯარო განცხადება, თუ კერძო საუბარი იყო იმაზე, რომ ლოკდაუნი არ იქნებოდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან ყველა საჯარო განცხადება, კერძო საუბარი, პრივატული კომუნიკაცია, რაც ხორციელდებოდა, იყო, რომ ლოკდაუნი არ იქნებოდა, შეზღუდვები იქნებოდა წერტილოვანი, – ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ყარალაშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ცენტრებისა და საცალო სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან და იქ კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მსგავსი შეზღუდვა არ იგეგმებოდა.
„24 საათში ვითარება შეიცვალა და ორი დღის წინ, უკვე პრემიერთან შეხვედრის დროს, გავიგეთ, რომ იდეა და ჩანაფიქრი იყო უკვე სრული შეზღუდვის შემოღება, ეს გულისხმობდა როგორც სავაჭრო ცენტრების დაკეტვას, ასევე გადაადგილების შეზღუდვას და საერთოდ, მთელი დეკემბრის განმავლობაში ფაქტობრივად, მუშაობის საშუალების არ მიცემას. რაც შეეხება ერთი კვირით გახსნას, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ეს არასაკმარისია, როგორც დანაკარგების მინიმიზაციის კუთხით, ასევე ვფიქრობთ, რომ ის ზეწოლა რაც ცენტრებზე იქნება მომხმარებლის კუთხით, იქნება ძალიან რთული. ამიტომ ჩვენი წინადადებაა, რომ გადათამაშდეს და მოგვეცეს საშუალება, რომ ორი კვირა მაინც ვიმუშაოთ დეკემბერში. რაც შეეხება უკვე სრულ ლოკდაუნს ან შეზღუდვას მუშაობაზე, იანვარ-თებერვალში ეს უფრო მისაღები და გადასატანი იქნება ამ სქტორისთვის, რომელიც ტურიზმის მერე, ყველაზე მეტად დაზარალდა.
მანამდე გამართულ შეხვედრებზე მთავრობის წარმომადგენლებთან, იყო საუბარი, რომ იქნებოდა წერტილოვანი შეზღუდვები, იყო საუბარი, რომ იქნებოდა დღის განმავლობაში სამუშაო საათების გადახედვა, კვირის განმავლობაში ორი ან სამი დღე ჩავკეტილიყავით, მაგრამ გვემუშავა სტაბილურად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ დაპირება აღმოჩნდა“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
თბილისში არსებული მსხვილი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელები დღეს განცხადება გაავრცელეს. ისინი საქართველოს მთავრობას მიმართავენ, მიეცეთ საშუალება, რომ 15 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იმუშაონ.