ახმეტელის თეატრისა და ექვსი სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების ერთობლივ პროექტს უცხოელი სპეციალისტები გამოეხმაურნენ
ახმეტელის თეატრისა და ექვსი სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების ერთობლივ პროექტს დარგის უცხოელი სპეციალისტები გამოეხმაურნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტელის თეატრი ავრცელებს.
კორნელის უნივერსიტეტის ატკინსონის მდგრადი მომავლის ფაკულტეტის საპატიო პროფესორი გეილ ჰოლსტ-უორჰაფტი ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირაკლი გოგიას შესახებ თეატრისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს: „ეს არის სრულიად არაჩვეულებრივი სამუშაო, ირაკლი – გილოცავთ თქვენს ამ ნაბიჯს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების დაუსრულებელ ბრძოლაში. თქვენ და თქვენი კოლეგები ხართ მაგალითი ყველა ჩვენგანისათვის“.
„გეილ ჰოლსტ-უორჰაფტის აღფრთოვანების მიზეზი ის არაჩვეულებრივი გარღვევაა, რაც ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ, თეატრალური ხელოვნების საშუალებით ახმეტელის თეატრის მსახიობებთან და ექვსი სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორთან ერთად მოახერხა Project CREATE-ის ფარგლებში.
ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტრის“ მოტივებზე აგებული პროექტი, რომელიც ბრუს ლევიტისა და ანტონინ მარტოს შემოქმედებით ხედვას ეფუძნებოდა, იმდენად ინოვაციური და რევოლუციური გახდა, რომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს წამყვანი სოციალური მეცნიერების წარმომადგენლებისაგან.
ამ პროექტის ცენტრში იყო თბილისელი და აფხაზი ხელოვანების ერთობლივი თანამშრომლობითი პროექტები, სადაც ანდრია გველესიანთან და გიორგი ცხადაძესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მართა ცვიშბა და მიკა ტუჟბა.
ეს პროექტი მსოფლიო სოციალური მეცნიერების წამყვანმა სპეციალისტებმა თანამედროვე იბსენიზმის მაგალითად მონათლეს“, – აცხადებენ ახმეტელის თეატრში.
მათივე ინფორმაციით, ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელმა და „სოციოლოგიის პიკასოდ“ წოდებულმა ნორვეგიელმა მეცნიერმა იოჰან გალტუნგმა ირაკლი გოგიას და მისი კოლეგების მიერ წარმართული პროექტი CREATE საუკეთესო სოციალურ თეატრალურ პროექტად გამოაცხადა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში.
„GREAT GREATER GREATEST! – დაწერა დღევანდელი მსოფლიოს სოციოლოგიის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ იოჰან გალტუნგმა.
„ეს არის მართლაც და ერთ-ერთი უდიდესი გარღვევა სოციალური თეატრის ისტორიაში“ – როგორც ამბობს გაილ ჰორსტ-უორჰაფტი.
თანამონაწილეობითი თეატრის მთავარი კომპონენტი არის ის, რომ მოხდა თეატრალური მეთოდებით არსებული რეალობის შეცვლა.
თეატრი ცვლის რეალობას, როგორც ამას იბსენიზმის კლასიკა ამბობდა. მაგრამ დღეს 21-ე საუკუნეა და უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ რომ სოციალური ქსელების ეპოქაში უფრო რეალური ცვლილებების მოხდენა არის შესაძლებელი.
კერძოდ, შესაძლებელია კონფლიქტური კერების ნეიტრალიზაცია და ნამდვილი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ირაკლი გოგიას და მისი კოლეგების ამ ნამუშევარმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ტრანსფორმაციული თეატრის განვითარებაზე. ინტერაქციული თეატრის ასეთმა განვითარებამ ახალი ეპოქა შექმნა“, – აცხადებენ ახმეტელის თეატრში.
მათი თქმით, უცხოელი ექსპერტები მთელს ამ კოლაბორაციულ პროცესში განსაკუთრებით გამოყოფენ აფხაზი მსახიობის – მართა ცვიჟბას როლს მსახიობებთან – ანდრია გველესიანთან და გიორგი ცხადაძესთან ერთად.
„CREATE-ის მიმდინარეობისას რეჟისორის შემოქმედებითი მიდგომის წყალობით მოხდა ახალი პარადიგმების აღმოჩენა სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების მოგვარების საქმეში. რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, თეატრალურმა პროცესმა ბიძგი მისცა ბევრად უფრო თანამშრომლობითი პროცესის დასაწყისს.
როგორც თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი, მეთიუ ევანჯელისტა ამბობს, ირაკლი გოგიას და CREATE Project-ის მიდგომამ მთლიანად შეცვალა საერთო ლანდშტაფტი სხვადასხვა კონფლიქტებთან მიმართებაში.
„ეს არის ჩვენი ინსპირაცია“ – ამბობს მეთიუ ევანჯელისტა. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ სამხრეთ კავკასიაში კრეატიული პროცესი, დაიწყო, ამ პროცესმა შეიძლება რევერბერაცები მოახდინოს მთელს ახლო აღმოსავლეთში და შემდეგ უკვე შორეულ აღმოსავლეთშიაც. ეს მისაბაძი მოდელია და სწორედ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის – ირაკლი გოგიას თეატრალურმა მიდგომამ და ექსპერიმენტმა მოახდინა გარღვევა“, – აცხადებენ ახმეტელის თეატრში.