თავისუფლების მოედანზე სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად „ჯაველინებიც“ გამოიფინება
თავისუფლების მოედანზე სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად „ჯაველინებიც“ გამოიფინება

26 მაისის ღონისძიებებზე თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-საჩვენებელ კომპონენტს წარადგენს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლად შეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მოედანზე ასევე, წარმოდგენილი იქნება: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, „ჩინგორი“, „დიდგორი“, „ლაზიკა“, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, „ჰამერი“, RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.

სამხედრო ტექნიკა ასევე, გამოიფინება თელავში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ამბროლაურსა და საჩხერეში.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ექვს ადგილზე – თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში ერთდროულად გაიმართება. ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება.

26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი დადებს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან წვრთნისა და შეფასების ცენტრის JTEC (CTC) ინსტრუქტორთა შემადგენლობა, DRILL სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის – „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში“ (GDRP) მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების 6 კოლოფი.

ფიცის დადების ცერემონიაზე ერთი საჯარისო ნაწილი მკვლევარების დახმარებით აღდგენილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებით იქნება წარმოდგენილი. ჯარისკაცები, ასევე აღჭურვილნი იქნებიან იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით.

ფიცის დადების ცერემონიას ლიეტუვიდან მოწვეული ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს ჰიმნს საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ოპერის გუნდთან ერთად შეასრულებს. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიას გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრებიან.