„თავისუფალი საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კვლავ კახა კუკავა აირჩიეს
„თავისუფალი საქართველოს“ რიგით მე-4 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კვლავ კახა კუკავა აირჩიეს. ყრილობაზე შეკრებილებმა 2019 წლის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს.
კახა კუკავას განცხადებით, ემზადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორც ის ამბობს, მისი მიზანი „თავისუფალი საქართველოს“ ე.წ. მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებაა.
კუკავა მესამე ძალის ფორმირებაში მონაწილეობას სთავაზობს ყველა კონკურენტ პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა.
„ვემზადებით 2019 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მომავალ წელს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ე.წ. მესამე ძალის ფორმირება. მესამე ძალა, ეს არ არის დასწრებაზე, ყველა რომ ამბობს, დღეს მე ვარ მესამე ძალაო. მესამე ძალა ეს არის კონცეფცია პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სხვადასხვა კონკურენტმა პოლიტიკურმა ძალებმა დაპირისპირების გარდა მოვახერხოთ თანამშრომლობა.
ვაპირებთ მესამე ძალის ფორმირებას კონკურენტ პოლიტიკურ ძალებთან. მათთან ერთად ბლოკის ფორმირებას არ ვგეგმავთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ ვგეგმავთ ავიღოთ პრიორიტეტად საარჩევნო რეფორმა, ავიღოთ პრიორიტეტად სასამართლო რეფორმა. ახალი მოძრაობის ფორმირებაში ვფიქრობთ, მოვიწვიოთ ყველა, გარდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა”, – განაცხადა კახა კუკავამ.