„თავისუფალ თეატრში“ გია მურღულიას ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
„თავისუფალ თეატრში“ ფილოლოგის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია მურღულიას ახალი წიგნის, „ცხრის ნახევარზე“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ერთგვარად იმ „ფეისბუქ“ პოსტების ერთიანობაა, რომლებსაც ავტორი სოციალურ ქსელში ყოველ დილით, სწორედ ცხრის ნახევარზე აქვეყნებდა.
„წიგნის იდეა მე არ მეკუთვნის. ეს შემომთავაზა გამომცემლობა „ინტელექტმა“ და მადლობა მათ. დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი პოსტებს ერთსა და იმავე დროს. ეს პოსტები ეხება ჩვენს ცხოვრებას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ადამიანურ ურთიერთობებს, ისტორიას, ბევრ ისეთ რამეს, რაც ადამიანთათვის საინტერესოა, თუ ამბავს ლაკონიურად მოუყვები. ვეცადე, ასე გამეკეთებინა და, როგორც ჩანს, ინტერესიც გაჩნდა. ასე დაიბადა ეს წიგნიც“, – განაცხადა გია მურღულიამ.
პრეზენტაციაზე წიგნიდან ფრაგმენტები „თავისუფალი თეატრის“ მსახიობებმა წაიკითხეს.
„თავისუფალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ავთანდილ ვარსიმაშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ დღევანდელ სინამდვილეში მსგავსი წიგნი გაჩნდა.
„მიხარია, რომ „თავისუფალი თეატრი“ დღეს არაჩვეულებრივ ადამიანს მასპინძლობს, მოაზროვნეს, რომელთან მეგობრობითაც ამდენი წელიწადია, ვამაყობ. არაჩვეულებრივი წიგნია, უკვე წავიკითხე, მქონდა ეს ბედნიერება“, – განაცხადა ვარსიმაშვილმა.