თავდაცვის სამინისტრომ ვადაგადაცილების გამო ფორმების მომწოდებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა
თავდაცვის სამინისტრომ ვადაგადაცილების გამო ფორმების მომწოდებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვადაგადაცილების გამო ფორმების მომწოდებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობის მანძილზე კომპანიამ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული მოწოდების ვადები.

„2019 წლის 6 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს „ბენნ“-თან გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, უნდა განხორციელებულიყო სამინისტროსათვის კომუფლირებული ფორმის მოწოდება რამდენიმე ეტაპად. სულ უნდა განხორციელებულიყო 35 000 კომპლექტის მოწოდება ხუთ ეტაპად, პირველ ოთხ ეტაპზე ხუთ-ხუთი ათასის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 15 000 კომპლექტი მეხუთე ეტაპზე.

პირველ სამ ეტაპზე, რომლის საბოლოო ვადაც ამოიწურა 2020 წლის 3 იანვარს, კომპანიას არ განუხორციელებია პროდუქციის სრულად მოწოდება და აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მოწოდებული იქნა მხოლოდ 5 174 კომპლექტი, რომელიც ამჟამად ინახება დროებით შენახვაზე და განიხილება მათი ხარისხობრივი შესაბამისობის/შეუსაბამობის საკითხი. შესაბამისად, კომპანიას მიეცა გაფრთხილებები 2019 წლის 30 დეკემბერს და 2020 წლის 14 იანვარს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. თუმცა, მათი 21 იანვრის წერილით ირკვევა, რომ ისინი მხოლოდ მარტის ბოლოს შეძლებდნენ პროდუქციის სრულად მოწოდებას, რასაც ეჭვქვეშ აყენებდა ის რეალობა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობის მანძილზე კომპანიამ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული მოწოდების ვადები და სასამართლოს გადაწყვეტილებებით არაერთგზის დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნული კომპანიის მიერ არაერთ პროდუქციაზე (ქუდები, ნაქსოვი ქუდები, საველე ჩანთები, საწვიმარი ლაბადა, ბამბის მაისურები, ხილაბანდი, წყლის ზურგჩანთები) კომპანია სასამართლოს მიერ არაერთგზის დაჯარიმდა და ამ ეტაპზეც გააჩნია სამინისტროსთან მიმდინარე დავები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 21 იანვარს შპს ,,ბენნ“-ს მიეცა გაფრთხილება შვიდ კალენდარულ დღეში შეესრულებინა მეორე და მესამე ეტაპებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მეოთხე ეტაპის ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულებისათვის, რომელიც ამოიწურა 2020 წლის 2 თებერვალს. მიუხედავად ამისა, არცერთი პირობა არ შესრულებულა და თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე შეეწყვიტა კონტრაქტი“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი