თავდაცვის სამინისტრო - ფრანგულ მხარესთან გაფორმდა კონტრაქტი, რომლითაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვა გრძელდება
საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.
ლევან იზორიას განცხადებით, კონტრაქტში გაწერილი მიმართულებებით მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება ნატო-ს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირება.
„ეს მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას საჰაერო თავდაცვის კომპონენტში, რაც არის მნიშვნელოვანი გარანტია ჩვენი საჰაერო სივრცის დაცულობისა და ამით საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობისა“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რის შემდეგაც კოლეგებმა – ლევან იზორიამ და ფლორანს პარლიმ საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესახებ ტექნიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ლევან იზორიას თქმით, საქართველო კვლავაც ერთგული რჩება იმ წვლილის, რომელიც მას ევროკავშირთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით შეაქვს.