ლევან იზორია - აქტიური სარეზერვო სამსახური საპილოტე პროექტის სახით წელს ამოქმედდება
ლევან იზორია - აქტიური სარეზერვო სამსახური საპილოტე პროექტის სახით წელს ამოქმედდება

აქტიური სარეზერვო სამსახური საპილოტე პროექტის სახით წელს ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ მიზნით თავდაცვის ბიუჯეტში თანხები უკვე გამოყოფილია.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანხები ასევე გამოიყო იმ მართვის ელექტრონული სისტემის შესაქმნელად, რომელიც ითვალისწინებს სამობილიზაციო რეზერვის მართვის პროცესის ჩამოყალიბებას.

„ასე რომ, მომავალ წელს და შემდეგ წლებშიც რასაკვირველია, გამოვყოფთ თანხებს, რათა პროექტმა უფრო მეტი მასშტაბი მიიღოს. ყველანაირად – როგორც ფინანსურად, ისე თანმიმდევრულად სტრატეგიის განსაზღვრის დონეზე, მზად ვართ, რომ უკვე წელს აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტის სახით ავამოქმედოთ. პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება წელს, მომავალ წელს ეს იქნება მზარდი ტენდენცია და ბუნებრივია, ეს დამოკიდებული იქნება საბიუჯეტო შესაძლებლობებზეც, რომ ფართო ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ. 

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საუბარია 45-დღიან მომზადებაზე და შესაბამისად, დიდი ინფრასტრუქტურის აუცილებლობა არ არის. 

ლევან იზორიას თქმით, საუბარია იმაზე, რომ გაწვრთნილი, მომზადებული და გამოცდილი კადრები არ დაიკარგოს და პირიქით, მოხდეს მათი შენარჩუნება.

„რეზერვისტები ვალდებული იქნებიან  წელიწადში მხოლოდ 45 დღის განმავლობაში გამოცხადდენ. დანარჩენ შემთხვევაში შეუძლიათ განახორციელონ სხვა საქმიანობაც“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. 

მისი თქმით, კანონი ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას.

როგორც ლევან იზორიამ განმარტა, როდესაც შეიარაღებული ძალების რეზერვზე ვსაუბრობთ, ასაკობრივი შეზღუდვა არის 50 წელი, ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში –  55 წელი, სპეციალისტთა რეზერვში –  65 წელი, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ასაკობრივი ზღვარი იქნება 60 წელი.

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა პარლამენტს დღესვე გადაუგზავნის შესაბამის კანონპროექტს. მისი თქმით, როგორც კი განსაზღვრავს ბიურო დღის წესრიგში ამ კანონპროექტის განხილვას,  მთავრობა აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში.

„ბუნებრივია, ჩვენ განვსაზღვრეთ პირთა წრე, რომელიც უშუალოდ კანონშია ჩამოყალიბებული, ვისაც არ შეეხება მობილიზება. რაც შეეხება იმ პრობლემას, რომ შეიძლება ადამიანი ვალდებული იყოს გაიწვიონ რეზერვში, მაგრამ მუშაობდეს კერძო ან საჯარო სტრუქტურაში, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს შემთხვევები და განვსაზღვრეთ საგამონაკლისო შემთხვევები, თუმცა ამასთან ერთად მთავრობა ჩამოაყალიბებს იმ საჯარო და კერძო დაწესებულებათა ნუსხას, რომელთაც ეს საგამონაკლისო წესი შეეხება.  რასაკვირველია, ამ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს არ ექნებათ ვალდებულებები, მოხდეს მათი გაწვევა რეზერვში. როდესაც ომის შემთხვევაში ხდება გაწვევა, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა და ასეთ შემთხვევებში ქვეყნის ცალკეული სტრუქტურები, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უწყვეტ რეჟიმში უნდა საქმიანობდნენ და მათი თანამშრომლების გაწვევა იქნებოდა უფრო საფრთხის შემცველი, ვიდრე უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც საგამონაკლისო წესი არ ეხება ცალკეულ სტრუქტურებს, გაიწვიეს პიროვნება სამობილიზაციოდ, ამ შემთხვევაში ვალდებულებაა, რომ მას სამსახური და ხელფასი შეუნარჩუნდეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია გამოაქვეყნა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული,  ქვეყნის დაცვა არა მხოლოდ ქართველი სამხედროების, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში“ წარმოადგინა ტოტალური თავდაცვის პრინციპი, სადაც რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

დატოვე კომენტარი