თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა
თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, 82 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება.

ცვლილებებით სტუდენტებისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება და გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს.

მეორე მოსმენისას დაზუსტდა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვისაც 2024 წლის პირველ იანვრამდე ონლაინსტუდენტის სტატუსი ექნებათ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

„2024 წლის პირველ იანვრამდე ვისაც ექნება ონლაინსტუდენტის სტატუსი, მასზე არ გავრცელდება ეს ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს, რომ გადავადების საფუძველი აღარ იქნება ონლაინსტუდენტის სტატუსი, მაგრამ იქნება შეთავაზებული სხვადასხვა ვარიაცია, მათ შორის სტუდენტებისათვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა, რომელიც თავსებადს ხდის როგორც სწავლას, ასევე სამხედრო სამსახურს. მოგეხსენებათ, ეს გულისხმობს ზაფხულში ერთ თვეს ოთხი წლის განმავლობაში. რაც შეეხება თვითონ ამოქმედებას ამ ინიციატივის, ეს ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან. ჩვენ ეს ვადა ავიღეთ, რადგან რეფორმა ხორციელდება 2025 წლის პირველი იანვრიდან და ის ვარიაციები, რაც არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის, ეს პროგრამები 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება“, – განაცხადა გიორგაძემ.