თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა და რეზერვისტები ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში თავდაცვის ძალები ჩაერთო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის მასივის ხანძრის ქრობის სამუშაოებს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ტერიტორიული რეზერვის 201-ე და 202-ე ბატალიონის ასეულები ახორციელებენ.
მათივე ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე გაეცნო.
„სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები ხანძრის ქრობის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან აქტიურ კოორდინაციაში ახორციელებენ. რეზერვისტებსა და პირად შემადგენლობას გავლილი აქვს კრიზისებზე რეაგირების სპეციალური მოსამზადებელი კურსი და აღჭურვილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინვენტარით. ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას მთავრობის მეთაურმა ხელი 2 სექტემბერს მოაწერა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.