ტარიფების გათანაბრების მიუხედავად, პაციენტებმა შესაძლოა, სერვისები თანადაფინანსებითაც მიიღონ
ჯანდაცვის სამინისტრო ტარიფების გათანაბრების რეგულაციის ფარგლებში, პაციენტებისთვის სხვადასხვა სერვისზე არჩევანისა და თანადაფინანსების მექანიზმის შექმნაზე მუშაობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება დამატებით გადასახადს იმ მომსახურებაზე, რომელიც კონკრეტულად ფიქსირებული ტარიფის ფარგლებში გათვალისწინებული არ არის.
მაგალითად, საუბარია კონკრეტული ექიმის აყვანაზე და მისთვის შესაბამისი ჰონორარის გადახდაზე, ან განსაკუთრებული ხარისხის პალატაში მოთავსებაზე, ასევე, განსაკუთრებული ხარისხის სამედიცინო დანიშნულების საგნების გამოყენებაზე.
„ჯერჯერობით ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან ერთის მხრივ არის პაციენტის არჩევანის უფლება, მეორეს მხრივ არის იმის ინტერესი, რომ პაციენტი იყოს დაცული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგისგან, მას არ მოუხდეს ზედმეტი თანხის გადახდა იმის გამო, რომ არ მიიღო სათანადო განმარტება სტანდარტსა და მომსახურების თაობაზე. როგორც კი ჩვენ ეს კონსულტაციები გვექნება დასრულებული, კონსულტაციები არის მრავალმხრივი, როგორც იურიდიული კუთხით, ასევე სპეციალისტების მიმართილებით, ტექნიკური კუთხით, ძალიან მალე კლინიკებს ამის შესახებ ვაცნობებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებისთვის ძალაში შევიდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფიქსირებული ტარიფები, რომლებიც ამ ეტაპზე სავალდებულოა მხოლოდ კარდიოქირურგიისა და რეანიმაციის სერვისებზე.
კერძო კლინიკების დიდი ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ, როგორც თავად აცხადებენ, პაციენტს დამატებითი სერვისების მიღების უფლება ეზღუდებათ.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის 4 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა, რომელიც კონკრეტული შედეგით დასრულდა. კერძოდ, როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ფინანსისტებით. ჯგუფში ასევე შევლენ პროფესიული გაერთიანებების წევრები.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება, არ გადავადდება, თუმცა ზემოაღნიშნული ჯგუფი ტარიფების შეცვლაზე იმუშავებს.