მთავრობის 520-ე დადგენილება არ გადავადდება, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის შესაძლოა, ტარიფები შეიცვალოს
მთავრობის 520-ე დადგენილება არ გადავადდება, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის შესაძლოა, ტარიფები შეიცვალოს

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. კერძოდ, როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ფინანსისტებით. ჯგუფში ასევე შევლენ პროფესიული გაერთიანებების წევრები.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება, არ გადავადდება, თუმცა ზემოაღნიშნული ჯგუფი ტარიფების შეცვლაზე იმუშავებს.

როგორც „ევექსის“ კლინიკების ქსელის დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა აღნიშნა, შეთანხმება შედგა და ხვალიდან სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.

„ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში ეს კონსტრუქციული და გონივრული გამოსავალია“, – განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

როგორც კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მიქელთაძემ აღნიშნა, პრემიერთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

„პრემიერმა ძალიან კონსტრუქციულად მოგვისმინა და საკითხი გადაიხედება. გადავადება არ ხერხდება ამ ეტაპზე, მაგრამ როგორმე რაღაც კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, რათა არ დაზარალდნენ პაციენტები. მიღებულია გადაწყვეტილება, ჩვენი ფინანსისტები და ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსისტები ერთად გაივლიან ამ ტარიფებს. თუ სადმე რამე პრობლემაა, შევეცდებით, აღმოიფხვრას“, – განაცხადა დავით მიქელტაძემ.

როგორც ანგიოლოგთავდა სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი აცხადებს, გადავადებაზე იყო უარყოფითი დამოკიდებულება,რადგან პროგრამა უნდა განვითარდეს.

„პრემიერი დაგვპირდა, რომ უმოკლეს ვადაში, რამდენიმე დღეში პრინციპულ საკითხს განიხილავს. ასევე, დავალება მიეცა ჯანდაცვის მინისტრს, უმოკლეს ვადებში გასწორდეს უზუსტობები და შეცდომები, რაც არის ტარიფებში. ითქვა, რომ შეცდომები უნდა გასწორდეს და ლოგიკური ტარიფები შემუშავდეს“, – განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, ალექსანდრე ალადაშვილის განცხადებით, „კონფლიქტების დარეგულირების საქმეში პრემიერ-მინისტრმა გამოაჩინა დიდი ტალანტი“.

„შევთანხმდით, რომ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამინისტროს თანამშრომლები, ასევე პროფესიული გაერთიანებების, საზოგადოებების წარმომადგენლები და საჭიროა სტანდარტების შემუშავება“, – განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა.

პინეო სამედიცინო ეკოსისტის” ხელმძღვანელმა, ზაზა სინაურიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული და საინტერესო.

„აღმოჩნდა, რომ დადგენილების ექვსი თვით გადადება არ განიხილება, მაგრამ იქ არის რაღაც ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას, არა ექვს თვეზე, არამედ სამ თვეზე. აი, ამის პასუხს ველოდებით ჩვენ ორ-სამ დღეში. საუბარია ასევე, რა პრინციპით უნდა დაგინდეს ტარიფი. ჰაერიდან ხომ არ შეიძლება ავიღოთ ციფრები. ჯერ მოხდება ტარიფების დათვლა და რამდენად დაკორექტირდება, ამას დრო გვაჩვენებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იქნება ორმხრივი მუშაობა და არ იქნება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო წარმოდგენილი“, – განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება.