ტარიელ ნაკაიძე გამოდის ინიციატივით, საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები უქმე დღეებად გამოცხადდეს
ვფიქრობ, უკვე არის დრო, ვიფიქროთ იმ დღესასწაულების უქმედ გამოცხადების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა რელიგიურ უმცირესობებს აქვთ. ამ მიმართულებით საშემოდგომო სესიებზე შემოვიტან საკანომდებლო ინიციატივას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ნაკაიძე მიიჩნევს, რომ როგორც „ქართულ ოცნება“, ისე ოპოზიცია მხარს დაუჭერს აღნიშნულ საკანონმდებლო ინციატივას.
„ხვალ 28 ივლისია, მუსლიმანური სამყარო აღნიშნავს ყურბან ბაირამის დღესასწაულს. საქართველოში ბევრ მოქალაქეს, რომლებიც საჯარო თუ კერძო სამსახურებში მუშაობენ, არ ეძლევათ საშუალება, ეს დღე იყოს უქმე და საკუთარი რწმენის შესაბამისად მოვალეობები თავისუფლად შეასრულონ. ამიტომ, ვფიქრობ, უკვე არის დრო, ვიფიქროთ იმ დღესასწაულების უქმედ გამოცხადების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ. მთლიანობაში, საუბარია ექვს დღეზე“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.