ტარიელ ნაკაიძე - ვფიქრობ, პანსიონებთან დაკავშირებით შესაქმნელია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც კონტროლის მექანიზმს შექმნის
ტარიელ ნაკაიძე - ვფიქრობ, პანსიონებთან დაკავშირებით შესაქმნელია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც კონტროლის მექანიზმს შექმნის

ვფიქრობ, პანსიონებთან დაკავშირებით რაღაც საკანონმდებლო ბაზა არის შესაქმნელი, რომელიც გაამარტივებს და კონტროლის მექანიზმს შექმნის, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუსლიმურ პანსიონებთან დაკავშირებით წინა მოწვევის პარლამენტის მიერ უკვე შექმნილია გარკვეული საკანონმდებლო ბაზა.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მინდა, ერთი თემა შემოვიტანო კიდევ ზოგადად პანსიონატებთან დაკავშირებით, რადგან მსგავსი, ცოტა განსხვავებული პერსპექტივით არსებობს მუსლიმური პანსიონებიც, რომელთა მიმართებაში გარკვეული საკანონმდებლო ბაზა შექმნილია წინა მოწვევის პარლამენტის მიერ, რომელიც გარკვეულ პრობლემატურ თემას წარმოადგენს და ვიდრე პრობლემაში შევალთ, ვფიქრობ, ხომ არ დაგვეთმო ამისთვის გარკვეული დრო, ჯერ ინფორმაციის მოწოდების თვალსაზრისით. მზად ვარ, ნებისმიერ დროს მოგაწოდოთ სურათი, თუ რა ხდება, რა ინფორმაცია არსებობს ამ მიმართულებით, რა პრობლემებია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით რაღაც საკანონმდებლო ბაზა არის შესაქმნელი, რომელიც გაამარტივებს და კონტროლის მექანიზმს შექმნის, რადგან დღეს გარკვეულწილად არის იატაკქვეშეთში გადასული სიტუაციები და ვფიქრობ, ეს არ არის სწორი და ალბათ, ამას სჭირდება მსჯელობა“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნაკაიძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ საკანონმდებლო ბაზა არსებობს და მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება. მისივე თქმით, კომიტეტი მზად იქნება, რათა ამ მიმართულებით მუშაობა გააგრძელოს.

„კარგი იქნება ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება, რომელიც სხვათა შორის, წინა მოწვევისას დაიწყო ჯერ კიდევ. ბავშვთა უფლებების კოდექსი რომ შეიქმნა, იქ ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობები გაჩნდა რეალურად ამ თემებზე თუნდაც სასაუბროდ. სტანდარტები გაიზარდა და რაც მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მუდმივად უნდა გვქონდეს ჩვენ თვალი გამახვილებული, სად შეიძლება ვიპოვოთ შემდეგი გაუმჯობესების შესაძლებლობა, თუმცა კანონის აღსრულება ამ ეტაპზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. უშუალოდ იმპლემენტაციის პროცესი ალბათ ყველაზე მეტად მოითხოვს ყურადღების გამახვილებას, რადგან მართლაც შესანიშნავი კანონმდებლობა გვაქვს ამ მიმართულებით, რომელიც საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს ბავშვთა უფლებების დასაცავად. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება კარგად გავუსუფთავოთ გზა რეალურად განვითარებისთვის ამ კანონს. შესაბამისად, რასაკვირველია, მზად იქნება კომიტეტი საიმისოდ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, შსს ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, რათა შეისწავლოს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი.