ტარიელ ნაკაიძე - უფლება მაქვს, სადეპუტატო კითხვით მივმართო შს სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომელსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის?
ტარიელ ნაკაიძე - უფლება მაქვს, სადეპუტატო კითხვით მივმართო შს სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომელსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის?

„ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება. მამუკა მდინარაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს უკავშირებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება“.

„ამ განცხადებით მდინარაძე, მართლაც ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით, მიზანმიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას. რას ნიშნავს, რადიკალური ისლამი? თუ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, ვინც ძალადობრივ ქმედებებს ჩადიან ან მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური? მდინარაძის ეს განცხადება ემსახურება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ჩვენი შიშები, ამ კანონის მიღების შემდეგ ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა.  აქამდე თუ საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ძალადობრივ ნაწილად წარმოჩენა ხელისუფლების თვითმიზანი იყო, ახლა უკვე მას „ქართული ოცნება“ ინსტრუმენტად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება და რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზება, რადგან მოძალადე და ექსტრემისტი არ არჩევს მუსლიმს და არამუსლიმს.

მინდა, მივმართო ამ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, სოზარ სუბარს, განმარტოს, თავისი თანაგუნდელის მიერ წარმოთქმული ტერმინი, რას ნიშნავს რადიკალური ისლამიზმი? ეთანხმება თუ არა ასეთ გამოთქმებს? მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის. „აისისის“ მუქარის ადრესატი არაერთხელ გავმხდარვარ. თუ საქართველოში ფინანსდებიან ექსტრემისტული მოძრაობები, რასაც ისლამთან საერთო არაფერი აქვს, მაშინ როგორ მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? ჩემი მანდატის ფარგლებში უფლება მაქვს, ვიცოდე და კატეგორიულად მოვითხოვო, სადეპუტატო კითხვით მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომლებსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის? ყველაფერი ნათელია, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს კონტექსტში რადიკალურ ისლამზე საუბარი სჭირდება რუსული კანონის გასატანად“, – განაცხადა ნაკაიძემ.