ტარიელ კაკაბაძე - დასასტურებული ფაქტია, რომ არც ერთი მოწმე, რომელიც ბეჟანიძეს ადანაშაულებდა, შემთხვევის დროს ადგილზე არ ყოფილა
ტარიელ კაკაბაძე - დასასტურებული ფაქტია, რომ არც ერთი მოწმე, რომელიც ბეჟანიძეს ადანაშაულებდა, შემთხვევის დროს ადგილზე არ ყოფილა

დასასტურებული ფაქტია, რომ არც ერთი ის მოწმე, რომელიც ბეჟანიძეს ადანაშაულებდა, შემთხვევის დროს ადგილზე არ ყოფილა, – ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატმა ასლან ბეჟანიძის უდანაშაულობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2004 წელს მომხდარ შემთხვევაში ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ მხოლოდ 2016 წელს სცნეს, ისიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებით.

„უზენაეს სასამართლოში, სხდომის თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა ასლან ბეჟანიძის გამამართლებელ განაჩენს, ხოლო ნინო გვენეტაძემ პაატა სილაგაძესთან ერთად, ჩემი ღრმა რწმენით, შეასრულა პროკურატურის და დაზარალებულის დაკვეთა, გამოიტანა სრულიად დაუსაბუთებელი, გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატი ასევე გამოეხმაურა დაზარალებული ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილმა მართლაც განაცხადა, რომ ის არ შეიწყალებდა ასლან ბეჟანიძეს, რომ სცოდნოდა, დაზარალებული მხარის ვინაობა, სამარცხვინოა, რადგან ყველა გვარს და ოჯახს პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი მოქალაქე თანაბრად უნდა მიუდგეს“, – განაცხადა ტარიელ ონიანმა.

ამასთან, ადვოკატმა ასლან ბეჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განვითარების დონე 8-დან 11 წლამდე მოზარდის განვითარებას უტოლდება. ეს ფაქტი გამორიცხავს ბრალდების პოზიციას, თითქოს ბეჟანიძე ბანქოს თამაშობდა ფულის მოგების მიზნით. სწორედ ე.წ. თავანი სახელდება მკვლელობის მოტივად“, – განაცხადა ტარიელ ონიანმა.

გიორგი ოთხმეზური 2004 წელს მოკლეს. გამამტყუნებელი განაჩენი საქმეზე ასლან ბეჟანიძისთვის კი 2016 წელს დადგა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები, მათ შორის ასლან ბეჟანიძე.