ტაქსის მძღოლების ნაწილი აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მსვლელობით აღმაშენებლის ხეივნიდან ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლას აპირებენ.
აქცია „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით იმართება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა.
ტაქსის მძღოლები დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, მანქანების თეთრად გადაღებვის ნაცვლად, მძღოლებს შეუძლიათ, ავტომობილს ფირი გადააკრან. აქციის მონაწილეების თქმით, ფირის გადაკვრა ასევე დააზიანებს ავტომობილს, ამიტომ ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
ტაქსის მძღოლებთან გასაუბრებისთვის აქციაზე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე მივიდა, თუმცა მას ამის საშუალება სიტყვით გამომსვლელებმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებმა არ მისცეს.
მამუკა მუმლაძის განმარტებით, სხვადასხვა ძალის მიერ ვრცელდება მიზანმიმართული ცრუ ინფორმაცია, მათ შორის, თითქოს მძღოლებს, რომლებიც არ არიან დედაქალაქში რეგისტრირებული, არ მიეცემათ თბილისში მუშაობის შესაძლებლობა. მისი თქმით, მძღოლებს ასევე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს მარჯვენასაჭიანი ტაქსის აკრძალვა მოხდება, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.