„ტაქსი 5“-ის დამფუძნებელი - მერიის ინიციატივა ტაქსებთან დაკავშირებით კარგი და უნიკალურია
მერიის ინიციატივა ტაქსებთან დაკავშირებით კარგი და უნიკალურია, – ამის შესახებ კომპანია „ტაქსი 5“-ის დამფუძნებელმა, ლევან თავართქილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენი კომპანია იმას ითხოვს, რაც დღეს მერიამ მოითხოვა. რეგულაციები აუცილებელია. სადღაც უნდა არსებობდეს ბაზა, რომ არის ტაქსი, რომლის მძღოლსაც მართვის მოწმობა და ჯანმრთელობის ცნობა აქვს. არ შეიძლება, მუდმივად მიდიოდეს ლაპარაკი, რომ ტაქსის მძღოლმა სხვა სამსახური ვერ ნახა და ტაქსზე იმიტომ ზის, რომ ამით ოჯახს არჩენს“, – განაცხადა თავართქილაძემ.
მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა ტაქსიზე ისეთი მძღოლი ზის, რომელსაც ავტომობილის მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს.
„ზოგჯერ აღმოვაჩენთ, რომ მძღოლს მართვის მოწმობა ჰქონდა და აღარ აქვს, რადგან ვთქვათ, ნასვამობის გამო ჩამოერთვა. ამას მძღოლების დახმარებით ვგებულობთ. გვაქვს ისეთი სიტუაცია, როცა ვერ ვგებულობთ და ასეთი მძღოლი მაინც მუშაობს. ხანდახან, მაშინ ვიგებთ, როცა ის რაღაცას დააშავებს და გაბრაზებული მგზავრი გვირეკავს. როცა ასეთ მძღოლს სამსახურიდან ვათავისუფლებ, ის სხვა კომპანიაში მიდის, ან დამოუკიდებლად ტაქსაობს. მქონია შემთხვევა, როცა მძღოლი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო, რის გამოც, ბუნებრივია, სამსახურიდან გავათავისუფლე, მაგრამ ეს პრობლემას არ ხსნის. ამის კონტროლი სადღაც რეალურად უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ლევან თავართქილაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გაზრდის თუ არა ტაქსებზე რეგულაციების შემოღება მგზავრობის საფასურს, ლევან თავართქილაძემ თქვა, რომ ამ ყველაფერმა ფასის ზრდა არ უნდა გამოიწვიოს.
„იმის გამო, რომ დღეს 45 000 ტაქსი მოძრაობს, მძღოლს ნაკლები შემოსავალი აქვს. ტექდათვალიერების დაწყების შემდეგ, თუ ვთქვათ, ჩემი ათი მანქანიდან ხუთი მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს და მხოლოდ ხუთი დამრჩება, მგზავრს მაინც არ დავკარგავ, რადგან დარჩენილ მანქანებს მეტი მუშაობა მოუწევს და შემოსავალი მეტი იქნება. ერთია, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გამოძახების დროს მისამართზე მისვლა დაგვიანებით მოხდეს“, – განაცხადა კომპანია „ტაქსი 5“-ის დამფუძნებელმა.
ლევან თავართქილაძემ ასევე თქვა, რომ გამოძახების შემთხვევაში, რაც გაცილებით იაფი ჯდება, ტაქსის მძღოლი კომპანიას 10%–ს უხდის. ის კი, ვინც ინდივიდუალურად ტაქსაობს, არანაირ გადასახადს არ იხდის და შესაბამისად, თუ სახელმწიფო დიდ გადასახადს არ დააწესებს, მგზავრობა არანაირად არ უნდა გაძვირდეს.