თანამედროვე ხელოვნების ცენტრში 16 სექტემბერს „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება
თანამედროვე ხელოვნების ცენტრში 16 სექტემბერს „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის მიერ, „ამირანის“ თემაზე შექმნილი პროექტი იქნება წარმოდგენილი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ზღაპრის დღის მთავარი მოვლენა იქნება AR (Augmented reality – დამატებითი რეალობა) აპლიკაციის ონლაინპრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც, ზღაპრული პერსონაჟების თანამედროვე რეალობაში გადმოყვანაა შესაძლებელი. ქალღმერთ დალის, ქაჯის, დევისა თუ ირმისას ავტორები, მხატვრები არიან ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე, კვაჭი, სოფო კირთაძე, ხატია ჩიტორელიძე და ანუკ ბელუგა. ამასთან, აპლიკაცია უძველესი მითებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის გაშლის საშუალებასაც მისცემს.
მერიის ცნობით, 26 სექტემბრამდე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება დაათვალიეროს გამოფენა, აპლიკაცია კი, ნელ-ნელა განვითარდება და სხვა მხატვრების ნამუშევრებითაც შეივსება.
გამოფენა ქვეყანაში არსებული ყველა რეგულაციის დაცვით გაიმართება.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.