თამაზ ტყემალაძე მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს [ვიდეო]
ცნობილი პუბლიცისტი, ჟურნალისტი და ფილოლოგი თამაზ ტყემალაძე მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
თამაზ ტყემალაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს, საქართველოს მთავრობის წევრებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, მისმა მეგობრებმა, მოსწავლეებმა და კოლეგებმა.
როგორც ფილოლოგიის დოქტორმა, გია მურღულიამ აღნიშნა, თამაზ ტყემალაძე თავისი ფიქრით, ცხოვრებით განასახიერებდა ადამიანური ურთიერთობების პოეზიას.
„ძალიან მარტივი სიტყვები მახსენდება, სიყვარული, სითბო, ცოდნა, კეთილგანწყობა, იუმორი – ამ ყველაფერს ასხივებდა და შეეძლო, პატარა რაღაციდან შეექმნა დიდი დღესასწაული, მუდმივად, ყოველდღე და ყველასთვის. არ მგონია, თამაზი მალე დაავიწყდეს ჩვენს საზოგადოებას, რადგან ეს კაცი განასახიერებდა იმას, თავისი ფიქრით, თავისი ცხოვრებით, რაც მთავარია, ეს არის ადამიანური ურთიერთობების პოეზია“, – განაცხადა გია მურღულიამ.
თამაზ ტყემალაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. თამაზ ტყემალაძე 1949 წლის 29 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას, ტელერადიოკომიტეტში იყო რადიოგადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, ტელევიზიასა და რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემები. იგი მრავალი ათეული წელი გახლდათ საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი.