ბიძინა ივანიშვილი - დიდმა ილიამ თქვა, არ არის საკმარისი, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოსო, თამაზ ტყემალაძე ნამდვილად ასეთია
ბიძინა ივანიშვილი - დიდმა ილიამ თქვა, არ არის საკმარისი, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოსო, თამაზ ტყემალაძე ნამდვილად ასეთია

თამაზ ტყემალაძე ძალიან კარგი ლიტერატურათმცოდნეა და ბევრი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც ჟურნალისტისა და ლიტერატურათმცოდნის, საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორის, თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო.

„მას მეცნიერული მიმართულებით ბევრი დამსახურება აქვს. ყოველივე ამის გარდა, ის არის კარგი თამადა. ყველაზე წარუმატებელი ადამიანიც კი გენიოსი ხდება, ისე ლამაზად მიჰყავს სუფრა. ბევრი თბილი, კარგი სიტყვა ვუთხარი თამაზს. ჩემს საყვარელ გამონათქვამს, ჩვენი დიდი ილიას სიტყვებს აბსოლუტურად იმსახურებს. დიდმა ილიამ თქვა, რომ არ არის საკმარისი, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს. თამაზი ასეთია ნამდვილად. ის ძალიან კარგი და საყვარელი პიროვნებაა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგისა და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

თამაზ ტყემალაძე საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორია. მანამდე ტელევიზიასა და რადიოში არაერთი შემეცნებითი გადაცემის ავტორი და წამყვანი იყო. პარალელურად, აქტიურ პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები, ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.