თამაზ გაიაშვილი - „ჯორჯიან ეარვეისს“ არასდროს ჰქონდა და არც დღეს აქვს საბიუჯეტო დავალიანება, გავრცელდა სიცრუე პირადად ჩემ მიმართ, საქმიანი იმიჯის შელახვისთვის სასამართლოში ჩივილს ვაპირებ
თამაზ გაიაშვილი - „ჯორჯიან ეარვეისს“ არასდროს ჰქონდა და არც დღეს აქვს საბიუჯეტო დავალიანება, გავრცელდა სიცრუე პირადად ჩემ მიმართ, საქმიანი იმიჯის შელახვისთვის სასამართლოში ჩივილს ვაპირებ

თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ არასდროს ჰქონია საბიუჯეტო დავალიანება და აღნიშნულის თაობაზე ერთ-ერთი მედიის მიერ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

ამასთან, გაიაშვილის თქმით, გავრცელდა სიცრუე პირადად მის მიმართ, რაც მიაჩნია, მის, როგორც ბიზნესმენის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად.

თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ საქმიანი იმიჯის შელახვისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

„მინდა, ყურადღება გავამახვილო „მთავარი არხის“ გუშინდელ სიუჟეტზე. ითქვა მტკნარი სიცრუე, თითქოს „ჯორჯიან ეარვეისს“ საბიუჯეტო დავალიანება აქვს. კომპანიას არასდროს გააჩნდა და არც დღეს გააჩნია საბიუჯეტო დავალიანება. ამ დღეებში მიმდინარეობს „ჯორჯიან ეარვეისის“ იმიჯის მიზანმიმართული შელახვა. ესაა, როგორც მთავრობის, ისე კომპანიის საწინააღმდეგოდ მიმართული მიზანმიმართული კამპანია. საერთოდ, სამოქალაქო ავიაცია ახსენდებათ მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს. გავიხსენოთ სამი აგვისტოს ამბები შოვში. ატყდა წიოკი, რომ შოვში ვერტმფრენები არ ჩაფრინდნენ და ხალხს ვერ დაეხმარნენ. ავიაცია სავალალო მდგომარეობაშია მრავალი წელი და ამას მიზანმიმართულად დისკრედიტაციას უკეთებენ. არავითარი მხარდაჭერა არ არსებობს ავიაციის მიმართ და ერთ დღეს უნდათ, ავიაცია იყოს ისეთი გამართული, რომ შესაძლებლობა ჰქონოდა, იმ უბედურ დღეებში დახმარებოდა იმ დონით და იმ რაოდენობით, რისი შესაძლებლობაც ყველა ნორმალურ ქვეყანას ექნებოდა. გაჟღერდა სიცრუე პირადად ჩემ მიმართ, ესაა, როგორც ბიზნესმენის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ეს არის ჩემი საქმიანი იმიჯის შელახვა და ვაპირებ, სასამართლოში ვუჩივლო. მე კომპანიის არც გენერალური დირექტორი გახლავართ, არც მისი დამფუძნებელი და ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.