„ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს

ინფორმაცია, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების გამოყენებით „ჯორჯიან ეარვეისმა“ თითქოსდა ბილეთების ფასები გაზარდა, ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესცენტრი ავრცელებს.

„ბოლო დღეებში სოციალური ქსელებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების გამოყენებით ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თითქოსდა ბილეთების ფასები გაზარდა. ეს ინფორმაცია ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია, ვინაიდან ამ მიმართულებაზე მძაფრი კონკურენციაა, რაც ბილეთის ფასებზე ყოველგვარ ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავს. ისრაელის მიმართულებაზე ამ ქვეყნის სამი ავიაკომპანია („ელ ალი“, „არკია“, „ისრაირი“) დაფრინავს კვირაში 35 რეისით. „ჯორჯიან ეარვეისი“ კი მიმართულებაზე წარმოდგენილია კვირაში მხოლოდ 10 რეისით, რაც იმას ნიშნავს, რომ, კონიუნქტურის გათვალისწინებით, ბილეთის ფასებს ისრაელის ავიაკომპანიები განსაზღვრავენ. ამიტომ „ჯორჯიან ეარვეისი“, სურვილის შემთხვევაშიც კი, თვითნებურად ფასებს ვერ გაზრდის.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს ჯაშუშომანია. როგორც ვხედავთ, უცხოური კომპანიებიდან დაქირავებული, მოსყიდული ეკონომიკური ლობისტები საქართველოში ქართული კომპანიების გაშავებით არიან დაკავებული. ეს არის ნამდვილი ეკონომიკური შპიონაჟი; ეს არის საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხისა და საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა; ეს არის ღალატი. ამ საქმეში ჩართული ადამიანებისთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, ყველაფერი ქართული მათთვის ცუდი და მიუღებელია. მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ – საკუთარი ჯიბის გასქელება. როგორ ავხსნათ მათი საქციელი, როდესაც გააკეთეს ბიზნესკლასის ბილეთის სქრინი და მიაწერეს: შეხედეთ, „ჯორჯიან ეარვეისი“ ბილეთებს რა უზარმაზარ ფასს ადებსო. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ გაფრენის წინა დღეებში ან უშუალოდ გაფრენის დღეს ბილეთები ორჯერ და სამჯერ ძვირია, რაც დაახლოებით ათასამდე ლარს შეადგენდა. ერთი კვირით ადრე შეძენილი ბილეთების ფასი კი დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში იყო. ერთხელ კიდევ გავიმეორებთ: ბილეთის ფასები დამოკიდებულია ისრაელის ავიაკომპანიებზე.

ერთი სიტყვით, ამ მოსყიდული ლობისტების მოსაწონი არც ქართული კომპანიებია და არც ხელისუფლება. ჩვენ ეს არ გვიკვირს. ქვეყანაში, სადაც სულ სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ექვსი ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა დაფუძნებული (რითიც, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში), რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. რასაკვირველია, ეს ჩვენთვის მძიმე ტვირთია, რადგან მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ მუშაობს. გასაკვირია, რომ ჩვენი მთავრობა ამ პირობებში ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესცენტრის განცხადებაში.