თამარ შავგულიძის ფილმს „კომეტები“ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაზე წარადგენენ
რეჟისორ თამარ შავგულიძის ფილმი „კომეტები“ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში – „აღმოჩენები“ იქნება წარმოდგენილი.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ორი შუახნის ქალბატონის მეგობრობაზე მოგვითხრობს.
„კომეტების“ სცენარზე რეჟისორმა თავად იმუშავა. ფილმის პროდიუსერები არიან თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შერვაშიძე, ხოლო ოპერატორი – გიორგი შველიძე. მთავარ როლებს ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ.
ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელიც კანადაში 1976 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი 5 სექტემბერს გაიხსნება და 15 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.