თამარ სანიკიძე - სააპელაციო პროცედურების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აბიტურიენტები IBSU-ში მობილობის გზით დაბრუნებას შეძლებენ
ძალიან კარგია, რომ უნივერსიტეტების პრობლემების მოგვარება დაიწყო, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ვალის გადახდით ყველაფერი გვარდება, – ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც აცხადებენ, რომ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს.
თამარ სანიკიძის თქმით, აპელაციის პროცედურებით სარგებლობა აუცილებელია, რადგან არც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და არც მისი ადმინისტრაცია არსებითად გადაწყვეტილებებს არ იღებს.
„აპელაციის პროცედურები დიდი ხანია არსებობს. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტისთვის ჩვენ გავწევთ ყველანაირ ორგანიზაციულ საკითხებს, რათა დროულად მოხდეს სააპელაციო საბჭოში წარმართვა. არარეალისტურ თარიღებზე არ უნდა ვისაუბროთ. ვფიქრობ, დღის ბოლომდე ვერ მოესწრება, რადგან საბჭოს 17 წევრი ჰყავს და აუცილებლად უნდა მოხდეს მიწვევა“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მოსამზადებლად საბჭოს 10 დღე აქვს. საბჭოს წევრები მუშაობენ ოქმის ტექსტზე და როგორც კი დასრულდება, უნივერსიტეტისთვის გადაიგზავნება.
თამარ სანიკიძემ მობილობის პროცედურაზეც ისაუბრა.
„რანჟირების დოკუმენტში, ის აბიტურიენტები, რომლებიც ინსტიტუტებში ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ და ამ უფლებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადანაწილებული უნდა ყოფილიყვნენ, მათთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება. ისინი სავარაუდოდ სხვა უნივერსიტეტებში დაიწყებენ სწავლას, თუმცა, თუ სააპელაციო პროცედურები წარმატებით დასრულდება, ასეთ შემთხვევაში შემდგომი მობილობის გზით ამ უნივერსიტეტში დაბრუნებას შეძლებენ“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
კითხვაზე, რა ვადები სჭირდება სააპელაციო პროცედურებს, სანიკიძემ განმარტა, რომ ცენტრი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ხელმძღვანელობს და სააპელაციო პროცედურებს მაქსიმუმ ერთი თვე დასჭირდება.
მისი განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოთხოვნა დავალიანების გადახდა არ ყოფილა.
„ჩვენი მოთხოვნა სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაა. სტანდარტები დავალიანების დაფარვას არ გულისხმობს. სტანდარტები ამ ნაწილში ინსტიტუციური მდგრადობის შემოწმებას გულისხმობს. დაწესებულებამ იმ რისკების გათვლა და კომუნიკაცია არ მოახდინა არც შემფასებელთა ჯგუფთან და არც შემდეგ საბჭოსთან, რომელიც მას აუცილებლად ეკუთვნოდა, რომ გაეკეთებინა ავტორიზაციის სტანდარტების ფარგლებში. დავალიანება ეს იყო რისკი, რომელიც აუცილებლად ბიზნესუწყვეტის გეგმაში უნდა ყოფილიყო. ბიზნესუწყვეტობა ავტორიზაციის სტანდარტის ფარგლებში წარმოსადგენი სავალდებულო დუკუმენტია“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
კითხვაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას სააპელაციო საბჭო იღებს თუ არა, თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ სააპელაციო საბჭო დაწესებულების მიერ წარდგენილ არგუმენტებს განიხილავს და თუ ნახავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების დროს ეს არგუმენტები გათვალისწინებული არ ყოფილა ან თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების გადახედვა აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოს უკან დაუბრუნებს.
თამარ სანიკიძემ აბიტურიენტების მიერ სასწავლებლის არჩევასთან დაკავშირებულ ვადასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ასეთ ვადებში გეგმავს რაიმე სამუშაოს გაკეთებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მათი მფლობელები თავიდან ბოლომდე საქმის კურსში იყვნენ, რას წარმოადგენს ავტორიზაციის სტანდარტები. სტანდარტები და პროცედურების ყველა პუნქტი ამ სისტემის საფუძვლიანი რეფორმის დროს თავიდანვე უნივერსიტეტებთან იყო შეთანხმებული. გამონაკლისებს ჩვენი წესები არ გულისხმობს. მათ ამის შესახებ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა. შავი ზღვის უნივერსიტეტის (IBSU) რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ გუშინ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს.
ამასთან, ცენტრის მიერ დღეს დილით გავრცელებული განცხადების თანახმად, უწყება პროცესების მოწესრიგების მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს მიესალმება. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს აღნიშნული გადაწყვეტილების რევიზია კანონით დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე. შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ.