განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოს უნდა მიმართოს და მყარი არგუმენტები წარმოადგინოს
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოს უნდა მიმართოს და მყარი არგუმენტები წარმოადგინოს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროცესების მოწესრიგების მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს მიესალმება, კერძოდ საუბარია სახელმწიფოს მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რითაც სახელმწიფოს წინაშე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ამავდროულად, ცენტრი ადასტურებს, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებების, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების და ერთი წლის ვადით სტუდენტთა მიღების შეზღუდვის შესახებ, შესაბამისმა საბჭომ მოქმედი კანონმდებლობის დაცვის პირობებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

ცენტრი განმარტავს, რომ ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს აღნიშნული გადაწყვეტილების რევიზია კანონით დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე.

„შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შავი ზღვის უნივერსიტეტის (IBSU) რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ გუშინ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს, თუმცა სასამართლო ბრძოლას განაგრძობენ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა. 

IBSU-ში აცხადებენ, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მიმართავენ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.