თამარ ქიტიაშვილი - შეუძლებელია, პროფესიული განათლება შრომის ბაზრის მონაწილეობის გარეშე წარმატებით ფუნქციონირებდეს
შეუძლებელია, პროფესიული განათლება შრომის ბაზრის მონაწილეობის გარეშე წარმატებით ფუნქციონირებდეს, – ამის შესახებ პროფესიული განათლების საკითხებში გაერო-ს განვითარების პროგრამის მრჩეველმა, თამარ ქიტიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„კერძო სექტორისა და დამსაქმებლის მონაწილეობის გარეშე, ხარისხსა და შესაბამისობაზე საუბარი წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ პროფესიული განათლება მხოლოდ დასაქმებისთვის არ არის. ის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობებს ქმნის“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
მისი თქმით, „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონი იმ რეფორმის გამამყარებელია, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო და მრავალი დონორის მიერაა მხარდაჭერილი.
„ეს არის ძალიან სისტემური და კომპლექსური აქტივობების ერთიანობა, რომელსაც რაღაც გარკვეულ მიზნამდე მივყავართ. ჩვენ ახლა სადღაც შუა გზაში ვართ. უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული და ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი“, – განაცხადა ქიტიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სისტემის დონეზე საჭიროა უწყვეტი განათლების პრინციპის რეალიზება და განათლების სისტემის იმგვარად მოწყობა, რომ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეეძლოს, მასზე მორგებული მომსახურება მიიღოს.
„დღესდღეობით, ძალიან ბევრი ჩიხი გვაქვს, რადგან განათლების დონეებს შორის ურთიერთკავშირები არ არის. მაგალითად, თუკი ცხრა კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლე გადაწყვეტს, სწავლა პროფესიულ სასწავლებელში განაგრძოს, შემდგომში უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად მას სკოლაში დაბრუნება და სასკოლო საფეხურის დაძლევა უწევს. ცვლილებების შემდეგ კი შესაძლებლობა გვექნება, მოსწავლეებს შევთავაზოთ ინტეგრირებული სწავლება, მე-10, მე-11, მე-12 კლასის პროგრამის ერთგვარი კომბინაცია, რომელიც პროფესიულ სწავლებასთან ერთად იქნება ინტეგრირებული და მათ სკოლაში დაბრუნება აღარ მოუწევთ“, – განაცხადა ქიტიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენადაა ცვლილებები საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოში პროფესიული განათლება კიდევ უფრო პოპულარული გახდეს, თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროებებზე მორგებული სერვისები ზრდასრულთათვისაც შეიქმნას და 40-50 წლის ასაკში კარიერის განვითარებისთვის დამატებითი მომზადების მისაღებად ადამიანს ორწლიანი პროგრამის არჩევა არ უწევდეს.