თამარ ქიტიაშვილი - საბაზისო განათლების მქონე მოზარდებისთვის ინტეგრირებული პროფესიული განათლების პროგრამები წელს მასშტაბურად დაინერგება
თამარ ქიტიაშვილი - საბაზისო განათლების მქონე მოზარდებისთვის ინტეგრირებული პროფესიული განათლების პროგრამები წელს მასშტაბურად დაინერგება

საბაზისო განათლების მქონე მოზარდებისთვის ინტეგრირებული პროფესიული განათლების პროგრამები წელს მასშტაბურად დაინერგება, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პროფესიული განათლების მნიშვნელობა, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ როგორც არაერთი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს ადამიანური კაპიტალის ათვისების კუთხით და ამ გამოწვევის შერბილებაში პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია.

განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც 2013 წლიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან თანხვედრაში მიმდინარეობს, სწორედ ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. რეფორმა გულისხმობს როგორც მოზარდი ახალგაზრდობის, ისე ზრდასრულების სწავლებას. ამ რეფორმის ფარგლებში წელს ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბური დანერგვა მოხდება. 

„ახალგაზრდებზე გათვლილი სიახლე, რაც 2016 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით პილოტირების რეჟიმში იყო და წელს უკვე მასშტაბურად დაინერგება, არის ინტეგრირებული პროგრამების შემოტანა. ეს გულისხმობს საბაზისო ცხრა კლასის განათლებით მოსული ახალგაზრდებისთვის ინტეგრირებული ზოგადი განათლების სწავლის შედეგებით გაჯერებული პროგრამების შეთავაზებას. ეს არის საშუალო პროფესიული პროგრამები, თავის დროზე მეც ამ პროგრამის კურსდამთავრებული ვარ. ეს შესაძლებლობას იძლეოდა, რომ ახალგაზრდა თან ატესტატის საპირწონე დიპლომზე გასულიყო და თან პროფესია დაეძლია. სწორედ ამ ტიპის თანამედროვე პროგრამებს დანერგავს სამინისტრო 2020-ში“, – განაცხადა ქიტიაშვილმა.

მისი განმარტებით, ასევე იგეგმება ბაკალავრიატთან ასოცირებული მოკლე პროგრამების დანერგვა.

„აქვე გვაქვს ორწლიანი პროგრამა, რომელსაც საშუალო განათლებით უმაღლეს პროფესიულს ვუწოდებთ. ეს პროგრამები სხვადასხვა სიძლიერით უკავშირდება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს. არის ისეთი პროგრამებიც, რომლებიც ჯერ არ დაგვიწყია და იმედი მაქვს, რომ წელს ამის დანერგვაც დაიწყება. ეს არის ბაკალავრიატთან ასოცირებული მოკლე ციკლის პროგრამები, რომლებიც ბევრად უფრო დაკავშირებულია უმაღლეს საბაკალავრო პროგრამებთან, შეიძლება მასში ჩაშენებულიც იყოს, რაც სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში დაძლეული სწავლის შედეგები პირდაპირ ბაკალავრიატში იქნეს აღიარებული და დრო ბაკალავრის დიპლომის აღებამდე შემცირდება“,- განაცხადა ქიტიაშვილმა.

რაც შეეხება ზრდასრულების პროფესიულ განათლებას, განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გასულ წელს ზრდასრულებთან დაკავშირებით მომზადება-გადამზადების სრულიად ახალი მექანიზმი დაინერგა, სადაც ხარისხის გარანტს სახელმწიფო იძლევა.

„არაფორმალური განათლება, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს არაფორმალური ტრენინგი, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაცია სთავაზობს. თუმცა ჩვენი ინიციატივა გარკვეული პროგრამების ფორმალიზებას ისახავს მიზნად. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დგება ხარისხის გარანტად და ამბობს, რომ ეს პროგრამა წინასწარ არის შეთანხმებული დამსაქმებელთან, გავლილი აქვს გარკვეული ხარისხის ფილტრი და მე ამას ჩემი ბეჭდით ვადასტურებ“, – განუცხადა თამარ ქიტიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ .