თამარ მოსიაშვილი - მიხეილ ბატიაშვილმა შეაფასა ის ჩიხი, რომელშიც განათლების სისტემაა შესული, მისი გადაწყვეტილება ლოგიკურია
„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი აცხადებს, რომ განათლების სისტემა ჩიხში იყო შესული. მაგალითად, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით უნდა შესულიყო სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, რაც მისი თქმით, ჩავარდა.
როგორც „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა პირველ არხს განუცხადა, პრობლემები არის ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და ხარისხის მართვის მიმართულებით.
განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი მინისტრის დღევანდელ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ მცირე მთავრობის კონცეფციასაც უკავშირებს.
„თუ დაგეგმილია ცვლილებები საგანმანათლებლო სისტემაში, მაშინ მინისტრის ეს გადაწყვეტილება შეიძლება დავუკავშიროთ იმ ფაქტს, რომ მან შეაფასა ის ჩიხი, სადაც ჩვენ დღესდღეობით ვიმყოფებით. ამ ჩიხიდან გამოსავალი და განვითარება შეუძლებელია, თუ სისტემაში, სისტემის მმართველ რგოლებში არ დაიწყო მუშაობა გუნდმა. შესაბამისად, ლოგიკურად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება.
არსებობს კიდევ შემდგომი საკითხი. ეს მმართველი გუნდის დაანონსებული მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავისთავად გულისხმობს დეცენტრალიზაციას.
ბევრი ჩიხია. მაგალითად, 2016 წელს უნდა განახლებულიყო პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოები, უნდა შესულიყო სისტემაში. ეს პროცესიც კი ვერ განხორციელდა ვადების დაცვით და დარღვევების გარეშე. დღეს მხოლოდ დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოები გვაქვს, ისიც არასრულყოფილად. თვითონ მენეჯმენტის თვალსაზრისითაც იყო ძალიან დიდი პრობლემები. ჩიხია ყველა მიმართულებით – გამოცდების მიმართულებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, ხარისხის მართვის მიმართულებით. ძალიან ბევრი პრობლემაა, რასაც, ჩემი აზრით, კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი გუნდი წაადგებოდა, თუ ეს გუნდი შეიქმნება“, – განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული გამოცდების მოდელი უკვე მოძველებული იყო.
„კონკრეტულად, რვა საატესტატო და ოთხი ეროვნული გამოცდა, ჯამში 12 გამოცდა ცენტრალიზებული გზით ადმინისტრირებული, არ აძლიერებდა სკოლებს. ამ მოდელის შეცვლის მიმართულებითაც ვერ გადაიდგა ნაბიჯები.
მინდა გითხრათ, რომ რეფორმები არ მიმდინარეობდა, ეს იყო რაღაც სიმულაცია ცვლილებების და ვითომ მოძრაობის სიმულაცია. სამწუხაროდ არ ხდებოდა ძირეული ცვლილებები, რაც ვთქვათ სკოლების გაძლიერებას გამოიწვევდა“, – აღნიშნა თამარ მოსიაშვილმა.
მისი თქმით, თანამდებობის პირების გათავისუფლება, თუ ცვლილებები იგეგმება, არის აბსოლუტურად ლოგიკური.
„შემდგომი, რაც საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის, გახლავთ ის, რა პიროვნებები ჩაანაცვლებენ ამ თანამდებობის პირებს, როგორი იქნება მათი კომპეტენცია და ასევე, საინტერესოა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვა“, – განუცხადა პირველ არხს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტმა თამარ მოსიაშვილმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.