თამარ კორძაია - პლენარულ სხდომას ყველა დეპუტატი უნდა ესწრებოდეს, მაგრამ ვინმეს რომ არ დაავიწყდეს, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მათ კენჭისყრისთვის პერსონალურად დავუკავშირდებით
ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის კენჭისყრის მიზნით, თოთოეულ დეპუტატს პერსონალურად დაუკავშირდებიან, რათა აღნიშნულის თაობაზე ყველა იყოს ინფორმირებული და სხდომაზე მივიდეს.
„ამის მიზანია, დასრულდეს კამათი, ვინ იყო და არ იყო ინფორმირებული რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე. როგორც არასდროს, ოპოზიცია ერთიანია, რომ კომისია შეიქმნას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ვალდებულება. არ მჯერა, რომ პარლამენტში ოპიზიციაში არსებობს ადამიანი, ვისაც არ უნდა სასამართლოს გაჯანსაღება და ხარვეზების სრულყოფილად გამოჩენა. ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემური პრობლემების გამოვლენა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ სანქცირებულ მოსამართლეებზე, საუბარია სასამართლო სისტემაზე. ხუთი ქალი დეპუტატი პერსონალურად დავურეკავთ ყველას. როცა პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები პასუხისმგებლობას იღებენ, საკითხი შეთანხმებულად ითვლება, მაგრამ ვინაიდან კომუნიკაციის პრობლემაზე იყო საუბარი, საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ კენჭისყრას, თითოეულ კოლეგას დავურეკავთ და სხდომაზე მოსვლას ვთხოვთ. 18 აპრილი პლენარული სხდომის დღეა და ყველა დეპუტატი სხდომას უნდა ესწრებოდეს, მაგრამ ვინმეს რომ არ დაავიწყდეს, ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას, რომ მათ კენჭისყრისთვის პერსონალურად დავუკავშირდებით“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.