თამარ ხულორდავა EPP-ის რელიგიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ჯგუფის წევრებს შეხვდა
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) რელიგიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ჯგუფის წევრები დღეს საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციასა და ამ საკითხში მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების როლზე ისაუბრეს.
თამარ ხულორდავას თქმით, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტიის ვიზიტის მიზანი კულტურული და რელიგიური ასპექტების განხილვაა, რაც ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობისთვის მნიშვნელოვანია.
„ევროკავშირი არ არის მხოლოდ ერთი ტიპის ღირებულება. ევროკავშირი ჩვენ გვინდა იმდენად, რამდენადაც ესაა სივრცე, რომელიც აფასებს და ყველას აძლევს საშუალებას, თავისი კულტურული იდენტობა შეინარჩუნონ. ამდენად ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირი მხოლოდ კლიშეებით არ იყოს აღქმული და დანახული, როგორც ერთ თარგზე მოჭრილი საზოგადოება, არამედ საზოგადოება, რომელიც აფასებს კულტურულ განსხვავებულობას, რელიგიურ თავისებურებებს და ყველას აძლევს საშუალებას, საკუთარი თავი იპოვოს და დაიმკვიდროს ამ თავისუფალ სივრცეში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ და აღნიშნა, რომ მისთვის სწორედ ეს იყო ვიზიტის ძირითადი გზავნილი.