ვიქტორ ორბანი – „ევროპის სახალხო პარტია“ გაერთიანდა სოციალისტებთან და ლიბერალებთან, მათ გარიგება დადეს და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს, არ ადარდებთ ევროპელი ხალხის ნება
ევროპელი ხალხის ნება ბრიუსელში დღეს უგულებელყოფილი იყო, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას, სადაც წამყვან პოსტებზე კანდიდატები უნდა შეეთანხმებინათ.
„ევროპელი ხალხის ნება დღეს ბრიუსელში უგულებელყოფილი იყო. ევროპული არჩევნების შედეგი ნათელია: მემარჯვენე პარტიები გაძლიერდა, მემარცხენეებმა და ლიბერალებმა პოზიციები დაკარგეს. „ევროპის სახალხო პარტია“, იმის ნაცვლად, რომ ამომრჩევლებს მოუსმინოს, საბოლოოდ გაერთიანდა სოციალისტებთან და ლიბერალებთან: დღეს მათ გარიგება დადეს და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს. მათ არ ადარდებთ რეალობა, არ ადარდებთ ევროპული არჩევნების შედეგები და არ ადარდებთ ევროპელი ხალხის ნება.
ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები: ისინი გააგრძელებენ მიგრაციის მხარდაჭერას და რუსეთ-უკრაინის ომისთვის მეტი ფულისა და იარაღის გაგზავნას. ჩვენ ამას არ ავყვებით! ჩვენ გავაერთიანებთ ევროპელი მემარჯვენეების ძალებს და ვიბრძოლებთ მიგრაციისა და ომის მხარდამჭერი ბიუროკრატების წინააღმდეგ“, – წერს ორბანი.
შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
The will of the European people was ignored today in Brussels.
The result of the European election is clear: right-wing parties got stronger, the Left and the liberals lost ground. The EPP, on the other hand, instead of listening to the voters, finally teamed up with the…
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) June 17, 2024