„ევრონიუსი“ - „ევროპის სახალხო პარტია“ უარს ამბობს, ხელი მოაწეროს ერთობლივ განცხადებას, რომელიც პოლიტიკურ ძალადობას გმობს
„ევრონიუსი“ - „ევროპის სახალხო პარტია“ უარს ამბობს, ხელი მოაწეროს ერთობლივ განცხადებას, რომელიც პოლიტიკურ ძალადობას გმობს

„ევროპის სახალხო პარტია“ უარს ამბობს, ხელი მოაწეროს ერთობლივ განცხადებას, რომელიც პოლიტიკურ ძალადობას გმობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დეკლარაცია სახელწოდებით „დემოკრატიის დასაცავად“ ოთხშაბათს გამოქვეყნდა და მას „სოციალ-დემოკრატები“, „განახლებული ევროპა“, „მწვანეები“ და „მემარცხენეები“ აწერენ ხელს.

როგორც მედია წერს, ორგვერდიანი დოკუმენტი იყო რეაქცია სოციალისტ ევროპალამენტარზე, მატიას ეკეზე თავდასხმაზე, რომელიც გასული კვირის ბოლოს სცემეს, როდესაც დრეზდენში საარჩევნო პლაკატებს აკრავდა. თავდასხმასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია ოთხი ეჭვმიტანილი. მათი ასაკი 17-18 წელია.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წამყვანმა კანდიდატმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დეპუტატზე თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, პარტიის თავმჯდომარემ, მანფრედ ვებერმა კი დაზარალებულს სრული სოლიდარობა გამოუცხადა, თუმცა პარტიამ უარი განაცხადა ერთობლივი განცხადების ხელმოწერაზე, რომლის ინიციატორი „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი ირატხე გარსია პერესი იყო.

როგორც მედია წერს, „ევროპის სახალხო პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ სოციალისტები აღნიშნული საკითხის გამოყენებას თავიანთი საარჩევნო სარგებლისთვის ცდილობენ.

„ევრონიუსის“ ცნობით, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი არ აწერს ხელს განცხადებას, რომელიც მიმართულია მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური კამპანიის მხარდაჭერისკენ. „ჩვენ შევთავაზეთ კონკრეტული და გონივრული ცვლილებები მიღწეულ ტექსტთან დაკავშირებით, რომელსაც ყველა დემოკრატიული ძალა უჭერდა მხარს და რომელიც კონკრეტულად ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა უარყო“, – განუცხადა „ევრონიუსს“ „ევროპის სახალხო პარტიის“ პრესსპიკერმა.

თავის მხრივ, „სოციალ-დემოკრატების“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შეთავაზებული ცვლილებები შეიცავდა თავდასხმებს „მემარცხენეებსა“ და „მწვანეებზე“ და ერთ კონკრეტულ ჯგუფზე საუბარი შეცდომაა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ორგვერდიანი განცხადება ადგენს პირდაპირ კავშირს პოლიტიკოსების, აქტივისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის, დაშინების, ვანდალიზმის აქტების, დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენასა და ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიების მზარდ პოპულარობას შორის.

„ევროპაში ულტრამემარჯვენე და რადიკალური პარტიების აღზევება არის საფრთხე ჩვენი საერთო პროექტისთვის, მისი ღირებულებებისთვის და მოქალაქეების სამოქალაქო თავისუფლებისთვის და ფუნდამენტური უფლებებისთვის. ამის ადგილი ევროპაში არ არის და ჩვენ ვერასდროს გაგვაჩუმებენ. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომელიმე მოქალაქეს დაემუქრონ დემოკრატიული უფლებების გამოყენებისთვის“, – წერია განცხადებაში.

ამასთან, „ევრონიუსის“ ინფორმაციით, განცხადების ხელმომწერები ასვე მოუწოდებდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მტკიცედ უარყოს ულტრამემარჯვენეებთან და რადიკალურ პარტიებთან ნებისმიერი სახის ნორმალიზაცია, თანამშრომლობა ან ალიანსი.