თამარ ხულორდავა - ძალადობა და ყოველგვარი უკანონო მოწოდებები საზოგადოებისთვის ცალსახად მიუღებელი უნდა იყოს
ძალადობა და ყოველგვარი უკანონო მოწოდებები, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გარკვეულ აქტიურ და ძალადობრივ ნაბიჯებს, ჩვენი საზოგადოებისთვის ცალსახად მიუღებელი უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
თამარ ხულორდავამ შეკითხვაზე უნდა დააკავონ თუ არა ნიკა მელია აცხადებს, რომ ეს სამართლებრივი საკითხია და უნდა დაველოდოთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
„ეს სამართლებრივი საკითხია და სასამართლომ უნდა იმსჯელოს. დაველოდოთ სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჩემი პოზიციაა, რომ ძალადობა და ყოველგვარი უკანონო მოწოდებები, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გარკვეულ აქტიურ და ძალადობრივ ნაბიჯებს ჩვენი საზოგადოებისთვის ცალსახად მიუღებელი უნდა იყოს. მე ის დავინახე, რაც ყველამ დაინახა, ის მოვლენები, რომელიც ძალიან სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტთან ვითარდებოდა 20-21 ივნისის ღამეს.
ახლა სასამართლო არ მსჯელობს ნიკა მელია დამნაშავეა თუ არა. ეს აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებაა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არის თუ არა გამოყენებული ამის შესახებ გადაწყვეტილება იმის მიხედვით არ მიიღება, ადამიანი მაინცდამაინც დამნაშავეა თუ არა. აქ გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, არსებობს თუ არა მისი მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სააპელაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს დღეს განიხილავს. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორი მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმიწინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.